დიმიტრი ხუნდაძე - აშშ-ის ელჩი ქართულ ვარიანტსაც რუსულს არქმევს და ამერიკულსაც, სახელმწიფო დეპარტამენტიც რუსულ კანონთან როცა აიგივებს ჩვენს ინიციატივას, რუსულში აკრძალვებია, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს
დიმიტრი ხუნდაძე - აშშ-ის ელჩი ქართულ ვარიანტსაც რუსულს არქმევს და ამერიკულსაც, სახელმწიფო დეპარტამენტიც რუსულ კანონთან როცა აიგივებს ჩვენს ინიციატივას, რუსულში აკრძალვებია, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს

ევროკავშირში თავად მმართველმა პარტიამ წარადგინა ინიციატივა, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ესეც რუსულია? ამერიკაშიც თუ რუსულია ეს კანონი, ევროპაშიც თუ ამ რუსული კანონის განხილვას იწყებენ, მაშინ რუსეთს ჰქონია მთელ მსოფლიოში გავლენა და ჩვენი ჩანს საფრთხედ? – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსულთან არავითარი საერთო არ აქვს.

დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა კითხვას: „გაერო-მ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს შეშფოთება „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე, რატომ ეწინააღმდეგებიან თქვენს ინიციატივას?“

„ნაწილი განზრახ აკეთებს ამას, რადგან არ უნდათ, საქართველო იყოს დაცული და საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხა იყოს კონტროლირებადი საზოგადოების მხრიდან. დღეს ელჩი როცა ამბობს, რომ ქართულ ვარიანტსაც რუსულს არქმევს და ამერიკულსაც, მაშინ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ევროკავშირი თვითონ არეგისტრირებს ამ კანონპროექტს. სახელმწიფო დეპარტამენტიც როცა აიგივებს რუსულ კანონთან, რუსულ კანონში არის აკრძალვები, ქართულ კანონში მსგავსი არ არსებობს, არც აკრძალვა, არც ნებისმიერი სხვა რეგულაცია, გარდა იმისა, რომ დაფიქსირდეს ის. მაშინ, სულ მცირე, გამოდის, რომ მას არ წაუკითხავს და მიაწოდეს ისე, როგორც მიმწოდებელს ეს აწყობდა. ეს არ არის სიმართლესთან სიახლოვეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.