საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არ აკონკრეტებს, წარადგენს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას.
როგორც ჟურნალისტების კითხვაზე გაბუნიამ განაცხადა, ხვალ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა კანდიდატებს შორის თამარ ჟვანია.
„ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. სავარაუდოდ დღის ბოლოს იქნება ცნობილი ამ კანდიდატურების ვინაობა. როგორც კი მექნება ამის თაობაზე ინფორმაცია, პირველივე მოგახსენებთ. ჩვენ ვართ პრეზიდენტის ინსტიტუცია, კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ კანონს. არანაირი დამალული, შეფარული ინფორმაცია არ იქნება. მე გიდასტურებთ, გულწრფელად არ მაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. იქნება თუ არა თამარ ჟვანია, გაიგებთ ხვალ დილით“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
კითხვაზე, უნდა დასახელდეს თუ არა ჟვანია მეორე ვადით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამის თაობაზე პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„თუ პირადად მე მეკითხებით, თამარ ჟვანიასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, არჩევნების შედეგების დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და შესაბამისად, უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„ვინაიდან იყო მეორე ტური და ჩვენ ცოტა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია ვადებთან დაკავშირებით მუშაობა, წინა პარასკევს იქნა გამოცხადებული საბოლოო შედეგები. ხვალ გვაქვს ბოლო ვადა. ხვალ წარვადგენთ სამ კანდიდატურას კანონით დადგენილი წესით. მას შემდეგ, რაც დღეს, დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან გაივლის კონსულტაციებს და ამ კონსულტაციების შედეგად იქნება წარდგენილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთდღიანი კონსულტაციები საკმარისი, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„კანონმდებლობა არ გვიწესებს ვალდებულებას, როდის უნდა შევხვდეთ არასამთავრობოებს. მე განვმარტე, თუ რატომ ვხვდებით წინა დღეს მათ. თავისთავად ცხადია, მზად ვართ და მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი. ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტთან ერთად გავივლით კონსულტაციას, შევასრულებთ კანონით დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და ხვალ დღის ბოლომდე წარვადგენთ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს. ამავე დროს, ცესკო-ს ერთ-ერთ წევრს, თავმჯდომარის მოადგილეს, ლაშა შარაბიძეს გასდის წევრობის ვადა. შესაბამისად, კანონი ასევე გვავალდებულებს, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გამოვაცხადოთ ღია კონკურსი. ხვალ, პრეზიდენტის განკარგულებით, გამოცხადდება ღია კონკურსი ცესკო-ს წევრის არჩევასთან დაკავშირებით. ასევე, ხვალ გამოცხადება ცესკო-ს წევრის ვაკანტური ადგილთან დაკავშირებით კონკურსი“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
კითხვაზე, ჰყავს თუ არა უკვე პრეზიდენტს სავარაუდო კანდიდატები თუ შერჩევა მოხდება მესამე სექტორთან ერთად, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ კონსულტაციების სწორედ კანდიდატების შერჩევის მიზნით იმართება და პროცესს ფორმალური სახე არ ექნება.
„არავითარ შემთხვევაში. კონსულტაციების არსიც არის იმაში, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი საკითხის ფორმალიზებას. ჩვენ ძალიან დეტალურად გავივლით არასამთავრობოებთან ამ საკითხს, გავითვალისწინებთ მათ აზრს. პრეზიდენტს წინასწარ სამი კანდიდატურა შერჩეული არ ჰყავს და მათთან შეხვედრა მხოლოდ ფორმალურად არ ხდება. შესაბამისად, გავითვალისწინებთ კომპეტენტური არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს, ვინც ამ სფეროში მიშაობს და ამ კონსულტაციების შედეგად წარვადგენთ იმ სამ კანდიდატურას, რასაც გვავალებს კანონმდებლობა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
კითხვაზე წინ იყო რამდენიმე დღე და რატო ვერ მოხერხდა კონსულტაციები ?
„მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, პრეზიდენტს არ აქვს დადგენილი, რომ ორშაბათს ან სამშაბათს უნდა დავიწყოთ კონსულტაციები. არავის უთქვამს, რომ ეს არის ფორსმაჟორი. არასამთავრობოებთან კონსულტაციები გავლილი უნდა იყოს იმ ვადაში, რომელიც კანონმა დააწესა, ანუ შედეგების გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში. შესაბამისად, რომელი დღე იქნება, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით კანონს არ ვარღვევთ. აბსოლუტურად საკმარისია ერთი დღე, რათა ჩვენ ეს კონსულტაციები გავიაროთ“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ ვერ მოხდა არასამთავრობოებთან კანდიდატურებზე შეჯერება, დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ შეჯერება-არშეჯერება კანონით გათვალისწინებული არ არის.
„პრეზიდენტი ვალდებულია, კონსულტაციები გაიაროს. შესაბამისად, ის მოიწონებს თუ არ მოიწონებს, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, მისი გადასაწყვეტია. მისი დისკრეციაა ამ კანდიდატურების წარდგენა კონსულტაციების შემდეგ. თუ მისთვის მისაღები იქნება კანდიდატურები, ის წარადგენს. თუ იქნება მიუღებელი, არ წარადგენს. თუ მათგან არ წამოვიდა კანდიდატურები, ბუნებრივია, კანონით დადგენილი წესით თვითონ შეარჩევს კანდიდატურებს და წარადგენს“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.