თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, დაუყონებლივ განახორციელეს ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.
მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.