დიღმის მასივში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია

15:40, 11.04.2020

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, დაუყონებლივ განახორციელეს ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.

მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მსგავსი