დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ნაკრებში სადებიუტო მატჩის წინ ფეხებში კანკალი ვიგრძენი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხალხის დიდი მასა შიშს მომგვრიდა (ნაწილი 6)
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - ნაკრებში სადებიუტო მატჩის წინ ფეხებში კანკალი ვიგრძენი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხალხის დიდი მასა შიშს მომგვრიდა (ნაწილი 6)

ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით  (ნაწილი 1)

ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2)

ხელზე შვიდი ნაკერი მედო, მაინც ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე (ნაწილი 3)

ხელით არგენტინის ჩემპიონატშიც გავიტანე, მსაჯმა გამაფრთხილა, ასე აღარასოდეს მოიქცეო (ნაწილი 4)

როცა უფულობის გამო ვარჯიშებზე ვერ მივდიოდი, ჩემი გათხოვილი დები ქმრებს ხურდებს პარავდნენ და ჩუმად მაძლევდნენ (ნაწილი 5)

 

გაგრძელება

სამი წელი როგორც ერთი გაელვება

ჩემს შესახებ სტატიებისა და რეპორტაჟების მომზადება დაიწყეს. მახსოვს ერთი პუბლიკაცია, რომელიც საოცარი სათაურით იწყებოდა: „ბავშვურ ასაკში უკვე ოვაციებს ისმენს“.

ფიორიტოდან ჟურნალ-გაზეთებისკენ მიმავალი გზა სულ რაღაც სამ წელიწადში გავიარე. ამ დრომ ისევე სწრაფად განვლო, როგორც წიგნში აღვწერ. სტატიების გამო ძალიან ვღელავდი, მათი კითხვა მსიამოვნებდა, მაგრამ ამავე დროს მოსვენებას მიკარგავდა. ინტერვიუებისას ვერაფერს ვგრძნობდი და პრაქტკულად ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებდი. ვყვებოდი, სად დავიბადე, როგორ ვცხოვრობდი და რომელი ფეხბურთელები მომწონდნენ.

გარშემო მყოფი ადამიანების შურსაც ვგრძნობდი. მათი არ მესმოდა, საკუთარ თავში ვიკეტებოდი და ვტიროდი. მყისიერად გავიზარდე. მინდოდა მრავალი რამ შემეძინა: პერანგი, პალტო, შარვალი, მაისური… კეთილდღეობა არ ყოფილა იოლი.

უკვე ყველაფერი მქონდა, რაზეც ადრე ვოცნებობდი. გავაცნობიერე, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების არაადამიანური ძალისხმევის დრო წარსულში დარჩა. ძალისხმევისა, რომელიც მამაჩემს უკავშირდება – ის თავს სწირავდა, რათა სიცოცხლე ჩემი ოცნებების თანხლებით გამეგრძელებინა.

მომეცა საშუალება, საკუთარი სახლის წინ „ფიატი-125“ გამეჩერებინა.

 

დებიუტი არგენტინის ნაკრებში

ოცნება, რომელიც არგენტინის ნაკრებში თამაშს უკავშირდებოდა, ასევე მყისიერად ამისრულდა. პრიმერა დივიზიონში მხოლოდ თერთმეტი მატჩი მქონდა ჩატარებული, როცა „ალბისელესტეში“ მიხმეს. წარმოგიდგენიათ? – მხოლოდ თერთმეტი მატჩი!

1977 წელი ახალი დამდგარი იყო. არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში მოვხვდი. ეროვნული გუნდის წინააღმდეგ სპარინგ-მატჩებს ვატარებდით. ობიექტური მიზების გამო მუდამ ლუის სესარ მენოტის თვალთახედვის არეში ვიყავი. ყველამ იცის, ის მთავარ ნაკრებს ავარჯიშებდა.

ახალგაზრდულში კი მაესტრო ერნესტო დუჩინიმ მიმიწვია. ისეთ გრანდებს ვეპაექრებოდით, როგორებიც იყვნენ პასარელა და კემპესი – ნამდვილი მონსტრები!

ერთ-ერთ ვარჯიშზე თავი გამოვიჩინე. „ელ ფლაკომ“ (გამხდარი – მენოტის მეტსახელი) ჩემთან პერსონალურად დალაპარაკება მოისურვა. ყოველი სიტყვა ჩემს სულში გამეფებულ სიჩუმეში ილექებოდა. მე „ელ ფლაკო“ მელაპარაკებოდა, ღმერთი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და საოცარ რამეს მეუბნებოდა – უნგრეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებო. ემოციები? ამ თემაზე ერთხელ უკვე ვილაპარაკე და ვერ წარმომიდგენია, ახლა სიტყვების მონახვა შევძლო…

დუჩინი, მარადონა და მენოტი

ვარჯიშის დასრულებისთანავე მენოტიმ მიხმო და მთხოვა: „მარადონა, სტადიონიდან გასვლის შემდეგ სასტუმროში წადი და ჩვენს შეკრებას შეუერთდი. ერთადერთი, რასაც გთხოვ, ამის შესახებ არსად ილაპარაკო. კარგი, თუ გნებავს, მშობლებს უთხარი. შეეცადე, სხვამ არავინ გაიგოს. არ მინდა ინფორმაციამ პრესაში გაჟონოს და აჟიოტაჟი ატყდეს“.

მისი სიტყვები მშვიდად აღვიქვი. მეორე დღეს მენოტი მეორედაც დამელაპარაკა: „თუ თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა და გოლების გატანა მოვახერხეთ, არ გამოვრიცხავ, შეცვლაზე შეგიშვა“.

არ ვიცი რატომ, მაგრამ არაფერზე ვნერვიულობდი. უბრალოდ, ძალიან გახარებული გახლდით.

27-ში დილას, მატჩის დღეს არ მისაუზმია. მსურდა, მაქსიმალუად კარგად დამესვენა. ამიტომ, 11 საათზე გავიღვიძე. შხაპი მივიღე და შუადღემდე ტელევიზორის ყურებით გავერთე. შემდეგ ბიჭებთან ჩავედი, ცოტა ვიყბედეთ, ვისადილეთ და კვლავ ტელევიზორს დავუბრუნდი. 15:30 საათზე „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონისკენ ავიღეთ გეზი.

როცა ავტობუსი „ლა ბომბონერას“ სტადიონთან გაჩერდა, მივხვდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს. გარს ხალხი გვეხვია, შეძახილებით გვამხნევებდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ. უნდა ვაღიარო – ფეხებში მსუბუქი კანკალი ვიგრძენი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ხალხის დიდი მასა შიშს მომგვრიდა.

სტადიონზე შესულმა ვიფიქრე, რომ ტრიბუნებიდან წამოსული ხმაური და აღტკინება მე მიკავშირდებოდა. ვფიქრობდი, მთელი სტადიონი მარადონას უყურებდა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი.

 

ტელევიზიით არც ისე მტკივნეულია

მატჩის დაწყებისთანავე უნგრელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. მაშინ გავიფიქრე: „კარგია, ალბათ გოლების წვიმას ვიხილავთ. მოემზადე დიეგო!“ თუმცა უნგრელთა მეკარემ ბურთი მოიგერია…

საბედნიეროდ, ბერტონიმ მალევე გაიტანა, ამას მეორე გოლი მოჰყვა, მესამე… ყოველი გოლისას ჩემს კანქვეშ თითქოს ჭიანჭველა დაძვრებოდა.

მუსოს გვერდით ვიჯექი. მის შემდეგ პისაროტი (ნაკრების ექიმი), ფორტი და მენოტი ისხდნენ.

მეორე ტაიმის მე-20 წუთი მიმდინარეობდა, როცა „ელ ფალკომ“ დამიძახა: „მარადონა, მარადონა! ჩემი გვარი ორჯერ წარმოთქვა. მივუახლოვდი და მივხვდი, რომ ნამდვილად ვითამაშებდი. „ლუკეს შეცვლი, გააკეთე ყველაფერი, რაც გეხერხება. შეეცადე, მთელ მოედანზე იმოძრაო.“

ამ სიტყვებმა ფრთები შემასხა. მოთელვა დავიწყე თუ არა, ტრიბუნებიდან შეძახილი წამოვიდა: „მარადოო, მარადოო!“ არ ვიცი, რა მომივიდა, ხელ-ფეხი ამიკანკალდა. სტადიონზე აუტანელი ხმაური იყო. გულრფელად ვყვები, შემეშინდა.

თამაშში მალევე ჩავერთე: გატიმ ბურთი მოიგერია, ტოლომ ერთი შეხებით მე მომაწოდა. მან ეს სპეციალურად გააკეთა, უნდოდა, მეგრძნო, რომ გუნდმა მიმიღო. პასი გავაკეთე – ბურთი ორ მეტოქეს შორის გაძვრა და ხუსმანთან მივიდა. იმ მომენტში დავმშვიდდი. ვილია მხარს მიჭერდა, გალიეგო ჩემზე ზრუნავდა. კარასკოსა კი გაჰყვიროდა: „კარგია, კარგია!“ არადა, ისეთი არაფერი გამიკეთებია, ქება რომ დამემსახურებინა.

 

მატჩის დასრულებისთანავე მოლოცვა გალიეგოსგან მივიღე: „დიეგო, მინდა, რომ ყოველთვის ასე ითამაშო“. სახლში მამასთან და ხორხე სიტერშპილერთან ერთად წავედი. ვივახშმე და ჩანაწერის სანახავად ტელევიზორს მივუჯექი.

მივხვდი, რომ თამაშისას სერიოზულად ვცდებოდი… ერთ ეპიზოდში ბერტონის მარჯვენა ფრთაზე პასი მივაწოდე. მან ბურთი დამიბრუნა, მცირე მონაკვეთზე მეტოქის მოტყუება ვცადე. დავინახე, უნგრელმა მთელი ძალით ფეხებში როგორ ჩამარტყა. არადა, იმ წამს ბურთი აღარ მქონდა. ამ ეპიზოდის ტელევიზიით ხილვა არც ისე მტკივნეული იყო. დასაძინებლად წავედი. არაფერი დამსიზმრებია. ასეთი მშვიდი ძილი არასოდეს მქონია.

გაგრძელება იქნება

დატოვე კომენტარი