დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა
დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა

დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროპორციული და მაჟორიტარული შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა.

შემაჯამებელ ოქმებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გარდა, კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი.

„დღევანდელ სხდომაზე მოხდა პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების შედგენა. მაჟორიტარულ მხარეს გამოცხადდა მეორე ტური, სადაც გადავიდა ორი კანდიდატი – გიორგი ვოლსკი და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. ოქმს ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა, გარდა იმ ორი ადამიანისა, ვინც სხდომა დატოვა. სულ გადავითვალეთ 7 უბანი, 80-მდე საჩივარი იყო, ნაწილი განუხილველი დარჩა და ნაწილი, რა თქმა უნდა, განვიხილეთ. გვქონდა 8 სასამართლო, აქედან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის შედეგადაც, მოხდა ერთი გადათვლა და ერთი გადაწყვეტილება უკვე დაკმაყოფილებული გვქონდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებულად ჩაითვალა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ლიკა ავალიშვილმა.

დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

„დემონსტრაციულად დავტოვე სხდომა და შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მივაწერე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. 40 პროცენტზე მეტი შესწორება მოხდა შემაჯამებელი ოქმების. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდა გადასწორება, რიცხვებით მანიპულაცია. ჩვენს დამკვირვებლებს, წარმომადგენლებს გვქონდა მოთხოვნები,  დათვლილიყო უბნები. აქედან მხოლოდ 7 უბანი გადაითვალა. ამ შვიდში კიდევ რამდენიმე უბნის მონაცემები სერიოზულად შეიცვალა“, – განაცხადა კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ლაშა დვალიშვილმა.

პროცესის პარალალურად საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში შეკრებილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ვროპული საქართველოს“ მხარდამჭერები.