უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მეორე წელი შეაფასა
უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მეორე წელი შეაფასა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა.

სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მიმოიხილა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე წელი და კომისიის წევრი უწყებების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

„კომისიის თავმჯდომარემ, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის 2020 წლის ანგარიში წარადგინა. კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კი 2020 წელს ტერორიზმის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები შეაჯამა.

კომისიის წევრებმა, 2021 წელს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, კომისიის ფარგლებში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს, რომელიც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმუშავებს.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. მთავრობის დადგენილებით, კომისიას დაევალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.