გიორგი კალანდარიშვილი - სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი „გაყალბებული ოქმები“, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დეზინფორმაციას
გიორგი კალანდარიშვილი - სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი „გაყალბებული ოქმები“, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დეზინფორმაციას

სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“, რომლის საშუალებითაც ვრცელდება თითქოსდა გაყალბებული ოქმები, – ამის შესახებ ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი დაფინასებული გვერდების მიერ ოქმების ამგვარად გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, მოქალაქეების დეზინფორმაციას და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.

„სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითად, საარჩევნო უბანი №22.58.68 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის იმ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“. მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.

აქვე, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ – საარჩევნო უბანი 27.67.66, რომელიც გავრცელდა ამ გვერდზე და მასში არც ერთი ციფრი და მონაცემი არ არის შეცდომით, თუმცა ამ გვერდზე ის განთავსებულია როგორც გაყალბებული ოქმი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას.

„მინდა მივმართო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ სიახლეების გაზიარებისას, მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა, მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების მიღების ორდღიანი ვადა უკვე ამოიწურა.

„ამ ეტაპზე საოლქო კომისიებში შესულია 1 561 განცხადება-საჩივარი და მათი განხილვის პროცესი მიმდინარეობს, რასაც ასევე ორდღიანი ვადა აქვს, შემდეგ კი პროცესი უკვე სასამართლოში გადაინაცვლებს“, – აღნიშნა მან.