NASA ამაღელვებელ მიღწევას აღნიშნავს — მისიამ, რომლის მიზანიც შორეული ასტეროიდის გადახრა იყო, წარმატებით გაართვა თავი სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავს ტესტს, წარმოაჩინა კაცობრიობის უნარი, რომ შეაჩეროს დედამიწისკენ მომავალი, სიცოცხლის მომსპობი კოსმოსური ობიექტი.
26 სექტემბერს, ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტის (DART) მაცივრის ზომის აპარატი მიზანმიმართულად შეეჯახა ასტეროიდ დიმორფოსის მთვარეს და ის უფრო პატარა, სწრაფ ორბიტაზე გადაისროლა მისი დიდი „ძმის“, ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო.
შედეგად, მისი ორბიტული პერიოდი ოთხი პროცენტით შეიცვალა, ანუ 32 წუთით — 11 საათი და 55 წუთიდან ჩამოვიდა 11 საათსა და 23 წუთზე. მკვლევართა მოლოდინი მხოლოდ 10-წუთიანი ცვლილება იყო.
„თუკი მომავლის რაღაც ეტაპზე ვიპოვით ასტეროიდს, რომელიც დედამიწას შეჯახებით ემუქრება და საკმარისი ზომაც ექნება, რათა ზიანი მოგვიტანოს, ჩვენ ხელთ გვექნება ეს წარმატებული ტესტი“, — ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი.
ასტეროიდთა წყვილი მზის გარშემო მოძრაობს და ერთ შემოვლას 2,1 წელიწადს ანდომებს; ჩვენი პლანეტისთვის ისინი საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა, ისინი იდეალური სამიზნეა პლანეტური თავდაცვის ე. წ. კინეტიკური დარტყმის მეთოდის შესასწავლად.
DART-ის წარმატებამ, როგორც კონცეფციის დადასტურებამ, რეალობად აქცია ის, რაც ერთ დროს მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის თემა იყო — ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „არმაგედონი“, „დიდი დარტყმა“, „მაღლა არ აიხედო“.
დიმორფოსისთვის ფოტო აქამდე არასოდეს გადაუღიათ; მისი დიამეტრი 160 მეტრია, დაახლოებით ეგვიპტის დიდი პირამიდის ზომის და დარტყმამდე ერთი საათით ადრე მხოლოდ სინათლის ლაქის სახით მოჩანდა.
მისი კვერცხის მსგავსი ფორმა და კლდოვანი, ქვიანი ზედაპირი მკაფიოდ მხოლოდ დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე გამოჩნდა — DART-ი მისკენ დაახლოებით 23 500 კმ/სთ სიჩქარით მიიწევდა.
ფსევდოკომეტა
მომდევნო დღეებში, ასტრონომებმა გადაიღეს ათასობით კილომეტრის მანძილზე, გარშემო მიმოფანტული მატერიის შთამბეჭდავი ფოტოები — როგორც მიწისპირა, ისე კოსმოსური ტელესკოპების მიერ გადაღებული.
ახალი, დროებითი კუდის წყალობით, დიმორფოსი ხელოვნურ კომეტად გადაიქცა.
თუმცა, ტესტის წარმატების შეფასება მოითხოვდა სინათლის მახასიათებელთა ანალიზს მიწისპირა ტელესკოპთა მიერ, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდა.
ორმაგი ასტეროიდი დარტყმის მომენტში დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა და მხოლოდ ერთი წერტილის სახით მოჩანს.
როდესაც დიმორფოსი დიდიმოსის წინ ჩაივლის, სიკაშკაშე იცვლება, რადგან ეს ასტეროიდი მასზე თითქმის კილომეტრით დიდია.
ორბიტული პერიოდის გაზომვაში ოთხი ოპტიკური ტელესკოპი იყო ჩართული, სამი მათგანი ჩილედან, ერთიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან; აღმოჩენა დაადასტურა აშშ-ში მდებარე ორმა რადარულმა ტელესკოპმაც.
ტესტმა ასტრონომებს აჩვენა ისიც, რომ ასტეროიდი ნაკლებად არის მყარი კლდე და უფრო საერთო გრავიტაციით შეკრულ ლოდების გროვას წარმოადგენს.
ასტეროიდი უფრო მყარი რომ ყოფილიყო, უფრო მცირე იქნებოდა კოსმოსური ხომალდის მიერ მისთვის გადაცემული იმპულსი.
მასობრივი გადაშენება
NASA-ს მონაცემებით, 140 მეტრზე დიდ არც ერთ ჩვენთვის ცნობილ ასტეროიდს (ეს ზომა საკმარისია ქალაქის გასანადგურებლად) არ აქვს შანსი, რომ მომავალ 100 წელიწადში დედამიწას შეეჯახოს.
თუმცა, შორეულ მომავალში ასეთი მომენტი აუცილებლად დადგება.
მაგალითად, გეოლოგიური ნიმუშები აჩვენებს, რომ 66 მილიონი წლის წინ, დედამიწას დაეცა 11 კმ სიგანის ასტეროიდი, რის გამოც, დედამიწაზე ხანგრძლივმა ზამთარმა დაისადგურა და გადააშენა როგორც დინოზავრები, ისე მთლიანად სიცოცხლის 75 პროცენტი.
2026 წელს NASA გაუშვებს ტელესკოპს, სახელად დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა მკვლევარი (NEO), რომელმაც უკეთესად უნდა დაახასიათოს 140 მეტრზე დიდი ის ასტეროიდები და კომეტები, რომლებიც ჩვენთან 48 მილიონი კილომეტრის რადიუსში მოდიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის აღმოჩენილი დაახლოებით 25 000 ასეთი ობიექტიდან, ნახევარზე ცოტა აღემატება 140 მეტრს.
კოსმოსური ხომალდით კინეტიკური დარტყმა პლანეტის დაცვის მხოლოდ ერთი მეთოდია, მაგრამ ალბათ ერთადერთი, რომელიც ამჟამინდელი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი.
თუკი ჩვენკენ მომავალ ობიექტს დროულად აღმოვაჩენთ, შესაძლებელი იქნება მისკენ ხომალდის გაგზავნა და კურსის შეცვლა.
კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ბირთვული აფეთქება, რომელმაც ასტეროიდი ან უნდა გაანადგუროს, ან მიმართულება შეუცვალოს.
მომზადებულია nasa.gov-ისა და Agence France-Presse-ის მიხედვით.