„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიარდი დოზის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
ერთი მილიარდი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს და 100 მილიარდამდე დოლარის მობილიზება მათ დასახმარებლად, რათა შეძლონ ნახშირბადის გამოყოფის შემცირება, – ეს ის პირობებია, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამდღიან სამიტზე შეთანხმდნენ და შემაჯამებელ 25-გვერდიან დოკუმენტში გაიწერა.
გარდა ამისა, ლიდერები ასევე თანხმდებიან, „გლობალური პარნტიორობა განათლებისთვის“ მხარდაჭერით კიდევ 40 მილიონამდე გოგონას მისცენ განათლების მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნისთვის 2.75 მილიარდი დოლარი გამოყონ.
კომუნიკეში ვრცლად არის გაწერილი ის ექვსი მთავარი მიმართულება, რომლითაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მომავალში ხელმძღვანელობას აპირებენ:
„პანდემიის დასრულება და მომავალისთვის მომზადება საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებით, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ვაქცინა.
ეკონომიკის გამოცოცხლება აღდგენის გეგმის საშუალებით, რომელიც პანდემიის გამო გამოყოფილ 12 ტრილიონი დოლარის მხარდაჭერას ეფუძნება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უფრო თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერა ვაჭრობის სისტემის რეფორმირებით.
პლანეტის დაცვა მწვანე რევოლუციის მხარდაჭერით, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფასა და გლობალური ტემპერატურის 1.5 გრადუსამდე ზრდის შეზღუდვისკენ მიისწრაფვის. პარტნიორობის ძლიერება სხვა სახელმწიფოებთან ერთად, უკეთესი სამყაროს ასაშენებლად.
ჩვენი ფასეულობების, როგორც წარმატების მტკიცე საფუძვლის მიღება მუდმივად ცვალებად სამყაროში. ჩვენ გამოვიყენებთ დემოკრატიის, თავისუფლების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის ძალას და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემას, რათა დავძლიოთ ყველაზე დიდი გამოწვევები“, – ნათქვამია დოკუმენტში.