ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის პარალელურად, იაპონელი აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის პარალელურად, იაპონელი აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის პარალელურად, იაპონელი აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მომიტინგეები „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო მსვლელობისას სკანდირებენ – „არა G7-ს“, „არა იმპერიალისტურ სამიტს!“ „არა ბირთვულ ომს“.

აქტივისტების თქმით, მათი აღშფოთება გამოიწვია ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის ლიდერების იმ ქალაქში ჩამოსვლამ, რომელიც 1945 წელს მსოფლიოში პირველი ატომური დაბომბვის შედეგად განადგურდა. დემონსტრანტები ასევე ადანაშაულებენ „დიდი შვიდეულის“ წევრ ზოგიერთ ქვეყანას რეგიონული დაძაბულობის გაღვივებაში ჩინეთთან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს დაიწყო და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სამიტში მონაწილეობენ შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და იტალია, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.