დიდი ცხვირი ადამიანს შეიძლება ნეანდერტალელებისგან ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დიდი ცხვირი ადამიანს შეიძლება ნეანდერტალელებისგან ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ადამიანებს სხვადასხვა ზომებისა და ფორმების ცხვირები გვაქვს. ზოგს შეიძლება ძლიერ პატარა ცხვირი ჰქონდეს, ზოგსაც კეხიანი, ფართო ან გაბრტყელებული.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, იმ გენების სულ მცირე გარკვეული ნაწილი, რომლებიც ცხვირის ანატომიაზეა პასუხისმგებელი, შეიძლება ნეანდერტალელებისგან გვერგო მემკვიდრეობით.

ანალიზები მოიცავდა შერეული ევროპული, ადგილობრივი ამერიკული და აფრიკული წარმოშობის ინდივიდებს; ადამიანის გენომის უბნები შესაბამისობაში იყო გარკვეულ ინდივიდთა სახის სტრუქტურებთან. შემდეგ, ეს დამთხვევები სხვა ადამიანებისა და ნეანდერტალელების გენომებზე ჩატარებულ კვლევებს შეადარეს.

საერთო ჯამში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს 26 გენეტიკური უბანი, რომლებიც ძლიერ იყო დაკავშირებული ადამიანის სახის ფორმასთან.

ადგილობრივი ამერიკული წარმოშობის ადამიანებს აღმოაჩნდათ ნეანდერტალელებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენი, სახელად ATF3. გენის ეს ექსპრესია ძირითადად ცნობილია თავისი როლით ნერვულ ქსოვილთა რეგენერაციაში და მას სხვა გენი არეგულირებს, ის, რომელიც გავლენას ახდენს სახის ფორმაზე.

იმის მტკიცებულებასთან ერთად, რომლის მიხედვითაც, ATF3 აქტიურდება სახის ჩამოყალიბების შემდეგ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გენის არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება განაპირობოს ცხვირის ზრდაში.

თუმცა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ევროპული წარმომავლობის ადამიანებში გენი ATF3 არსებითად არ არსებობს.

ნეანდერტალელთა თავის ქალების წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ თანამედროვე ადამიანებზე უფრო მაღალი ცხვირი ჰქონდათ.

ამ ცვლილების სულ მცირე ნაწილზე მაინც პასუხისმგებელი შეიძლება ATF3 გენის განვითარება იყოს. ადამიანის ცხვირის ფორმაზე სხვა გენებიც ახდენს გავლენას; როგორც პირველადი კვლევები მიუთითებს, მათი ნაწილიც შეიძლება სწორედ ნეანდერტალელების ან დენისოველებისგან გვქონდეს მემკვიდრეობით მიღებული.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მდგრადია ATF3 გენი თაობიდან თაობაში ლათინურ ამერიკაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გენი შეიძლება განაპირობებდეს უპირატესობას ზოგიერთ გარემოში გადასარჩენად.

მაგალითად, წინა კვლევების მიხედვით, ადამიანის ცხვირის ფორმა შეიძლება კლიმატთან მოსარგებად იცვლებოდა, რათა დაერეგულირებინა შესუნთქული ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა.

„ჩვენ მიერ გამოვლენილი გენი შეიძლება ნეანდერტალელებისგან გადმოგვეცა მემკვიდრეობით, რათა ადამიანებს ცივ კლიმატთა შეგუებაში დახმარებოდა; ჩვენი წინაპრები ხომ აფრიკიდან გამოვიდნენ“, — ამბობს ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ქინ ლი.

ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თაობების განმავლობაში შეიძლება გაძლოს ზოგიერთმა ისეთმა გენმაც, რომელიც გადარჩენის უპირატესობას არ განაპირობებს. ამას გარდა, ახალი კვლევა ეფუძნება მხოლოდ გენომის უბნებსა და სახის მახასიათებლებს შორის კორელაციებს და არა მიზეზ-შედეგის პირდაპირ ხაზებს.

მიუხედავად ამისა, უახლესი გენომური კვლევები მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები და პრეისტორიული ადამიანები რეგულარულად ჯვარდებოდნენ ერთმანეთში ევროპასა და აზიაში.

„ბოლო 15 წელიწადში, მას შემდეგ, რაც მოხდა ნეანდერტალელის გენომის თანმიმდევრობის გაშიფვრა, გავიგეთ, რომ ჩვენი წინაპრები აშკარად ჯვარდებოდნენ ნეანდერტალელებთან, რის შედეგადაც, ჩვენში მათი დნმ-ის მცირე ნაწილი გადმოვიდა და დარჩა“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკოსი კაუსტუბ ადჰიკარი.

ამ შეჯვარებათა შედეგად მემკვიდრეობით მიღებული გენები ჩვენში დღემდე შემორჩა; ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენით. მაგალითად, უსაფრთხო მშობიარობასთან, ვირუსების, კანისა და სისხლის ინფექციებისადმი რეზისტენტულობის ზრდასთან.

თუმცა, კარგად არ არის შესწავლილი, როგორ შეიძლება ახდენდეს ეს გენები სასარგებლო გავლენას ჯანმრთელობაზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ კავშირთა გამოყენება მეცნიერებს გენების ეფექტის შესასწავლად შეუძლიათ, უკიდურესად მნიშვნელოვანია კლინიკური კვლევებისთვის.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.