დიდი ბრიტანეთის ელჩი - გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის
დიდი ბრიტანეთის ელჩი - გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

„გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება”, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში და საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას შეეხება.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.