დღის განმავლობაში, რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინებები ჩვენს თავის ტვინს მოცულობას და შესაბამისად, ახალგაზრდობას უნარჩუნებს, თანაც იმდენად, რომ ეს დაკავშირებულია ჯანმრთელ კოგნიტიურ ფუნქციებთან, დემენციისა და სხვა დაავადებების დაბალ რისკთან.
ამერიკელმა, ბრიტანელმა და ურუგვაელმა მეცნიერებმა 40-იდან 69 წლამდე 378 932 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რათა ენახათ, როგორია რეგულარული ჩათვლემისკენ გენეტიკურად მიდრეკილთა კოგნიტიური მდგომარეობა მათთან შედარებით, ვისაც ასეთი გენები არ აქვს.
დაადგინეს, რომ ჩათვლემის მოყვარულებს უფრო დიდი თავის ტვინი აქვთ, ასაკით მათზე 2,6 – 6,5 წლით პატარების ზომის.
„ჩვენი კვლევა მიუთითებს მიზეზობრივ კავშირზე ჩათვლემის ჩვევასა და ტვინის უფრო დიდ მოცულობას შორის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ნეირომეცნიერი ვალენტინა პასი.
65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, დღისით ძილი აუმჯობესებს მოკლევადიან შემეცნებას და კოგნიტიურ ტესტებში, ჩათვლემის მოყვარულები არამოყვარულებს სჯობნიან. ახალ კვლევაში ჩაძინების ხანგრძლივობა არ აღურიცხავთ, მაგრამ როგორც წინა კვლევები მიუთითებს, საუკეთესო ვარიანტია 30 წუთზე ნაკლები დროით ჩაძინებები; ამავე დროს, დღის უფრო ადრე მონაკვეთში ჩაძინებები გავლენას არ ახდენს ღამის ძილზე.
ბოლო დროს, ჩაძინებამ მკვლევართა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით მიიპყრო ყურადღება. ნამდვილად რთულია პასუხი კითხვაზე, დღეში ორმოცჯერ ჩათვლემა შემეცნებისთვის კარგია თუ ცუდი.
ასაკის მატებასთან ერთად, ყველაზე მეტად უარესდება პასუხის დრო და მეხსიერება; ხანდაზმულებში ყველაზე ხშირია კოგნიტიური შესუსტება. ამიტომ, როგორც პასი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია ისეთი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, როგორიც არის ძილი.
„ჩაძინებასა და თავის ტვინის მოცულობას შორის კავშირი კარგად არ არის დახასიათებული, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულთა თითქმის მესამედი ხშირად თვლემს, თავის ტვინის მოცულობის შემცირება კი უფრო ხშირია მეტად ხანდაზმულებში“, — წერენ მკვლევრები.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი ხელმძღვანელობდა წინა კვლევასაც, რომელშიც გამოიყენეს ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები, მონაწილეთა მიერ დასახელებული ჩაძინებების შესახებ; მათი მიზანი იმ გენეტიკურ ვარიანტთა გამოვლენა იყო, რომლებიც ძილისკენ მიდრეკილებაზე ახდენენ გავლენას. მაჯით სატარებელი სენსორები ფიზიკურ აქტივობას ზომავდა და იწერდა, რათა მონაწილეთა მიერ დასახელებული მონაცემები დაედასტურებინა.
ახალ კვლევაში ამ გენეტიკური ვარიანტების მატარებელ ინდივიდთა ჯანმრთელობისა და კოგნიტიური შედეგები შეისწავლეს, გაანალიზეს რამდენიმე სხვა ქვეჯგუფის მონაცემებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები მორგებული იყო პოტენციური მიკერძოების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, მკვლევრებმა არ განიხილეს ინდივიდები, რომლებიც გადაჭარბებული დღის ძილიანობის გამომწვევ გენებს ატარებდნენ.
35 080 ინდივიდის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იყო გენეტიკური მონაცემები და თავის ტვინის სკანირებებიც; ამიტომ, მკვლევრებმა შეისწავლეს თავის ტვინის მოცულობა და დნმ-ის ის 92 სექცია, რომლებიც დაკავშირებულია დღისით რეგულარულად ჩათვლემის მიდრეკილებისკენ. ანალიზები მენდელის რანდომიზაციის მეთოდით ჩაატარეს.
ეს მიდგომა, შეიძლება დაეხმაროს სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გენეტიკური გადაწყვეტილებების მიღებას იმ გენების იდენტიფიცირებით, რომელთა შესახებაც უკვე ვიცით, რომ გარკვეული ეფექტები აქვს ჯანმრთელობაზე; ამის წყალობით კი, მკვლევრები იმ სხვა ეფექტების იდენტიფიცირებასაც შეძლებენ, რომლებსაც სავარაუდოდ გავლენა აქვს დაკვირვებით კვლევებში. ამ კონტექსტში გამოყენებული ანალიტიკური ინსტრუმენტი ხელს უწყობს, რომ შემცირდეს პოტენციური მიკერძოება, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ჩათვლემებსა და ჯანმრთელობაზე სარგებელს შორის სხვა კავშირებიდან.
„ეს პირველი კვლევაა, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს მიზეზობრივი კავშირი ჩვეულ დღის ძილსა და ტვინზე მის კოგნიტიურ და სტრუქტურულ გავლენას შორის“, — ამბობს პასი.
საკუთარ მოხსენებებში, მონაწილეთა 57 პროცენტი ამბობდა, რომ დღისით „არასოდეს“ ან „იშვიათად“ იძინებენ ცოტა ხნით, 38 პროცენტი ამბობდა, რომ ამას „ხანდახან“ მიმართავს, ხუთი პროცენტი კი „ხშირად“.
თუმცა, მათ, ვინც ამბობდა, რომ დღისით ხშირად თვლემს, ჰქონდათ ისეთი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე, თუკი არ გავითვალისწინებთ. მათ შორის იყო დიდი ასაკი, მოწევა, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
„მენდელის რანდომიზაცია მიმოიხილავს დაბადებისას არსებული გენების კრებულს, რითაც თავიდან იცილებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მომხდარ ისეთ დამაბნეველ ფაქტორებს, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს დღისით ძილსა და ჯანმრთელობაზე მის გავლენას შორის კავშირზე“, — განმარტავს პასი.
მენდელის რანდომიზაციამ დაადგინა, რომ თვლემისკენ მიდრეკილ ადამიანებს უფრო ახალგაზრდა თავის ტვინი აქვთ, როდესაც საქმე ეხება თავის ტვინის მოცულობას, როგორც ასაკის საზომს.
თვლემისკენ მიდრეკილთა თავის ტვინი საშუალოდ 2,4 კუბური სანტიმეტრით დიდი იყო, ხოლო საშუალო სხვაობა თავის ტვინის მოცულობას შორის 2,6 და 6,5 წლის ასაკის ეკვივალენტი.
„ზოგიერთი ადამიანისთვის, დღისით ხანმოკლე ჩაძინება შეიძლება იმ გამოცანის ნაწილი იყოს, რომელიც მათ ასაკში თავის ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკური ეპიდემიოლოგი ვიქტორია გარფილდი.
რა თქმა უნდა, ტვინის მთლიანი მოცულობა მხოლოდ ერთი ასოციაციაა და როგორც მკვლევრები ამბობენ, მათდა გასაკვირად, თვლემის მოყვარულებსა და არამოყვარულებს შორის სხვაობა სხვა საზომებში ვერ იპოვეს: ვერც ჰიპოკამპუსის (ტვინის რეგიონი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეხსიერების ფორმირებაში) ზომაში, ვერც რეაგირების დროში და ვერც ვიზუალურ დამუშავებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჩატარებული კვლევაა, აქვს გარკვეული შეზღუდვებიც. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ეს კვლევა საინტერესოა იმ მხრივ, რომ გვაწვდის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ძილი თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ტარა სპირს-ჯონსი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
კვლევის ავტორები აცნობიერებენ, რომ ყველა მონაწილე თეთრი ევროპული წარმოშობის იყო, რამაც შეზღუდა კვლევის შედეგების განზოგადება და მიუთითებს, რომ სხვა კვლევებმა უნდა შეისწავლოს სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც, რანდომიზებულად კონტროლირებადი ცდების საშუალებით.
კვლევა Sleep Health-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ucl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.