დღის რომელ მონაკვეთში უნდა დავლიოთ ყავა საუკეთესო შედეგისთვის - მკვლევართა რჩევა
Reuters-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების 65 პროცენტი ყავას ყოველდღე სვამს, 85 პროცენტი კი მას რეგულარულად მოიხმარს.
თუმცა, CNBC-ის ცნობით, საუკეთესო შედეგების შესაგრძნობად, ყავა დღის კონკრეტულ დროს უნდა დალიოთ.
დიეტოლოგი ლაურა ჩიპულო CNBC-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ დილით, გაღვიძებისთანავე ყავის დალევამ შესაძლოა, გაღიზიანებადობა გამოიწვიოს.
მისი თქმით, საუკეთესო დრო რამდენიმე საათის შემდეგ დგება.
დილით გაღვიძებისას, თქვენი ორგანიზმი სავსეა სტრესის ჰორმონ კორტიზოლით, რომელიც შფოთვას იწვევს.
კოფეინის მიღება მშფოთვარე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ცოტა უფრო მოგვიანებით, შესაძლოა დაღლილობაც იგრძნოთ. შესაბამისად, ყავის დალევის საუკეთესო დრო გვიანი დილაა.
ლაურა ჩიპულოს განცხადებით, ყავა მაშინ უნდა დავლიოთ, როცა ორგანიზმი ნაკლებ კორტიზოლს გამოიმუშავებს, ანუ გაღვიძებიდან 3-4 საათის შემდეგ.
გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ, არ დავლიოთ ყავა საღამოს. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი პიკს მოხმარებიდან 30-60 წუთის შემდეგ აღწევს, კოფეინი ორგანიზმში რჩება და იწვევს ძილის დარღვევას მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავას ჯანმრთელობაზე მრავალი სასარგებლო გავლენა აქვს. მაგალითად, თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, ყავა ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ამცირებს გულის დაავადებების, კიბოსა და დემენციის რისკებს.
თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ იმასაც, რომ საჭიროა შევინარჩუნოთ ზომიერება, რადგან ზედმეტმა კოფეინმა შეიძლება, გამოიწვიოს მღელვარება, გაღიზიანებადობა და უძილობა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.