დღეში რამდენი ფინჯანი ყავაა გულისთვის იდეალური - ბიოლოგების პასუხი
დღეში რამდენი ფინჯანი ყავაა გულისთვის იდეალური - ბიოლოგების პასუხი

დღეში ოთხი ფინჯანი ძლიერი ყავა შესაძლოა, გულის ჯანმრთელობის საწინდარი იყოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის.

გერმანელ მკვლევართა ჯგუფი მოლეკულური ბიოლოგების, ჯუდით ჰენდლერისა და ჟოაკიმ ალტშმიდის ხელმძღვანელობით, აცხადებს, რომ დაადგინეს, როგორ მოქმედებს ყავა გულის ჯანმრთელობაზე. მათივე განცხადებით, გაარკვიეს, დღეში რა ოდენობის კოფეინი უნდა მივიღოთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

კოფეინით დამუშავებული ლაბორატორიული თაგვებისა და ადამიანის კოფეინიზებული ქსოვილების შესწავლით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, როგორ აუმჯობესებს ეს მასტიმულირებელი ჩვენს სისხლძარღვებში არსებულ უჯრედებს. გაირკვა, რომ ძირითადად ხანდაზმულ ადამიანთა უჯრედებში, წარმოიქმნება გარკვეული სახის ცილები, რომლებიც ახალგაზრდების უჯრედებში არსებულთა მსგავსად იქცევა.

„როცა დღეში 4-5 ჭიქა ესპრესოს სვამთ, როგორც ჩანს, ჩვენს უჯრედებში უმჯობესდება ენერგიის გამომყოფ ნაწილაკთა ფუნქციონირება“, — უთხრეს მკვლევრებმა Business Insider-ს.

ოთხწლიანი დაკვირვებებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ყავას ყოველდღიურად სვამდნენ, ნაკლებად იღუპებოდნენ გულის დაავადებებით, ინსულტებითა თუ დიაბეტით.

თუმცა, ამ ყოველივეს საუკეთესო მტკიცებულებებს უზრუნველყოფს ორი დიდი კვლევა. ერთი მათგანი აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა 400 000 ამერიკელის მონაწილეობით, მეორეში კი ჩართული იყო 500 000 ევროპელი.

ორივე კვლევამ დაადგინა, რომ ყავის რეგულარულად მსმელების სიკვდილიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე მათი, ვინც ყავას ყოველდღე არ სვამენ.

კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ყავას მრავალი დადებითი ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე, მათ შორის არის ღვიძლის დაავადების (ციროზი) დაბალი რისკი, გარკვეული სახის კიბოების განვითარების დაბალი რისკი, დემნეციისა და ალცჰაიმერის დაბალი მაჩვენებელი და დეპრესიის შედარებით მცირე რისკი.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყავა დიდებული საშუალებაა გულისთვის — ადამიანებს, რომლებიც დღეში სამ-ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის 19 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ.

ჟოაკიმ ალტშმიდი იმედოვნებს, რომ მისი ახალი კვლევა უკუაგდებს ძველ შეხედულებას, რომ გულის პრობლემების მქონე ადამიანებმა ყავა არ უნდა დალიონ. მისი მტკიცებით, დღეში დაახლოებით ოთხი ესპრესოს დალევა ამცირებს გულის შეტევის რისკს, განსაკუთრებით ჭარბწონიან და პრედიაბეტურ ადამიანებში.

თუკი ყავა არ გიყვართ, კოფეინის ზუსტად იგივე დონე აქვს მწვანე ჩაის, რომელიც ასევე დაგეხმარებათ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

მკვლევრები შენიშნავენ იმასაც, რომ არ შეიძლება ყავის ჭარბი დოზით მიღება, რადგან ის აჩქარებს გულისცემას და შეუძლია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევა.

ალტშმიდის თქმით, იმის გამო, რომ კოფეინს შეუძლია სისხლძარღვთა ზრდა და შესაბამისად, ქსოვილების (მათ შორის სიმსივნეების) მომარაგება მეტი ჟანგბადით, ყავის სმა შესაძლოა, მავნებელი აღმოჩნდეს კიბოთი დაავადებულთათვის.

კვლევა ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით