დღეს მარსის ორბიტაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი გავა, უახლოეს დღეებში კი მას ჩინეთისა და აშშ-ის ხომალდები მიჰყვებიან — #1tvმეცნიერება
დღეს მარსის ორბიტაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი გავა, უახლოეს დღეებში კი მას ჩინეთისა და აშშ-ის ხომალდები მიჰყვებიან — #1tvმეცნიერება

პირველი არაბული კოსმოსური მისია, არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდი, სახელად Hope, მარსის ორბიტას 9 თებერვალს მიაღწევს და პირველი იქნება წითელი პლანეტისკენ ამჟამად მიმავალ სამ ხომალდს შორის.

მარსისკენ მისიები არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ჩინეთმა და აშშ-მა ივლისში გაუშვეს — ისარგებლეს მომენტით, როდესაც მარსი და დედამიწა ორბიტებზე ერთმანეთთან უახლოეს წერტილში იმყოფებოდნენ.

წარმატების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყანა მეხუთე სახელმწიფო გახდება, რომელმაც მარსს მიაღწია; ამით ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების გაერთიანების 50-ე წლისთავის აღნიშვნას აპირებს. მეორე დღეს, 10 თებერვალს, ჩინეთი მეექვსე ქვეყანა გახდება, რომლის ხომალდიც მარსს მიაღწევს.

ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი მონუმენტები წითლად გაანათეს და დაატანეს ჰეშტეგი #ArabstoMars. 9 თებერვალს, საზეიმო შოუს ცენტრში იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი შენობა — ბურჯ-ხალიფა.

ხომალდი Hope (ინგლისურად „იმედი“), არაბულად ცნობილი, როგორც „ალ-ამალი“, წითელი პლანეტის გარშემო სულ მცირე ერთი მარსული წლის განმავლობაში, ანუ 687 დღეს იმოძრავებს, ჩინეთის მავალი Tianwen-1 და აშშ-ის Perseverance კი მარსის ზედაპირზე ივლიან.

ამ დრომდე, მარსს წარმატებით მიაღწიეს მხოლოდ აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ინდოეთისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდებმა.

სარისკო მანევრი

საამიროების ოფიციალურ უწყებათა განცხადებით, 2020 წლის ივნისში იაპონიიდან გაშვებული მისია Hope ამჟამად ყველაზე კრიტიკული და კომპლექსური მანევრისთვის ემზადება, რომლის წარმატებით დასრულებისა და მარსის ორბიტაზე გასვლის შანსიც 50-50-ზეა.

იმისათვის, რათა მარსის გრავიტაციამ ჩაიჭიროს, ხომალდმა სვლა მნიშვნელოვნად უნდა შეანელოს, ბრუნვა დაიწყოს და 27 წუთში დაწვას თავის ექვსივე Delta-V გამწევი ძრავი, რაც მის ამჟამინდელ სიჩქარეს, 121 000 კმ/სთ-ს 18 000 კმ/სთ-მდე შეანელებს.

ამ პროცესს ხომალდის საწვავის ნახევარი დასჭირდება, 9 თებერვალს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება და მისი პროგრესის შესახებ სიგნალი დედამიწაზე 11 წუთში მოვა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის პროექტის მენეჯერის, ომრან შარიფის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, რომ წლევანდელ მისიებს შორის მათი მისია მარსს პირველი მიაღწევს.

ხომალდის ძირითადი მიზანი პლანეტის ამინდის დინამიკის ყოვლისმომცველი სურათის შექმნაა, მაგრამ ამავე დროს ემსახურება გაცილებით უფრო ამბიციურ მიზანს — მარსზე ადამიანთა დასახლების შექმნას უახლოეს ას წელიწადში.

გარდა იმისა, რომ მთავარი რეგიონული მოთამაშის სტატუსს გაიმყარებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ასევე სურს, რომ ეს პროექტი შთაგონების წყარო გახდეს არაბი ახალგაზრდობისთვის, რეგიონში, სადაც ხშირია რელიგიური კონფლიქტები და ეკონომიკური კრიზისები.

ხომალდი Hope მარსის ატმოსფეროზე დაკვირვებისთვის გამოიყენებს სამ სამეცნიერო ინსტრუმენტს, მონაცემთა დედამიწაზე გამოგზავნას კი 2021 წლის სექტემბერში დაიწყებს, რაც კვლევების წარმოების მიზნით მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კუდში მიმყოლნი…

ჩინეთის ხომალდმა Tianwen-1-მა მარსის პირველი ფოტო უკვე გამოგზავნა — შავ-თეთრი სურათი, რომელზეც მარსის გეოლოგიური მახასიათებლები ჩანს.

Tianwen-1 ხუთტონიანი ხომალდია, რომელიც მოიცავს მარსის ორბიტერს, სტატიკურ ხომალდს და მზის ენერგიაზე მომუშავე მავალს, რომელიც სამი თვის განმავლობაში შეისწავლის პლანეტის ქანებსა და ატმოსფეროს, მოძებნის წარსულის შესაძლო სიცოცხლის კვალს.

ჩინეთი იმედოვნებს, რომ 240-კილოგრამიან მავალს მაისში დასვამს უტოპიაში, მარსის მასიურ, დარტყმით აუზში. მისიის ორბიტერი მარსის გარშემო სულ მცირე ერთი მარსული წლის განმავლობაში იმოძრავებს.

Tianwen-1 ჩინეთის მიერ მარსზე მიღწევის პირველი მცდელობა არ გახლავთ. წინა მისია, 2011 წელს, რომელსაც ის რუსეთთან ერთად ახორციელებდა, ნაადრევად დასრულდა — რაკეტა აფრენისას აფეთქდა.

NASA-ს ახალი მავალი „პერსევერანსი“, რომელიც წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს დაჯდება, 1997 წლის შემდეგ მეხუთე მავალი იქნება; სხვათა შორის, ხუთივე მათგანი ამერიკული იყო.

ეს გახლავთ ასტრობიოლოგიური მისია, რომელიც მარსზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის შესაძლო ნიშნებს მოძებნის და ააფრენს 1,8-კილოგრამიან ვერტმფრენ-დრონს — რაც სხვა პლანეტაზე განხორციელებული პირველი კონტროლირებადი ფრენა იქნება კაცობრიობის ისტორიაში.

„პერსევერანსი“ დამოუკიდებლად გაივლის დღეში 200 მეტრამდე მანძილს და შეაგროვებს ქანების ნიმუშებს, რომლებიც შეიძლება, ფასდაუდებელ ცნობებს შეიცავდეს იმის შესახებ, იყო თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე.

NASA-ს მავალი დაახლოებით სპორტული ავტომობილის ზომისაა, იწონის ერთ ტონამდე და აქვს 19 კამერა და ორი მიკროფონი, რომლებიც ისტორიაში პირველად ჩაიწერენ ხმებს მარსზე.

მისია სულ მცირე ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.