თავდაპირველად, სოციალურ მედიაში კონსპირაციონისტული მითქმა-მოთქმა ატყდა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის საიდუმლო სამთავრობო ლაბორატორიაში გამოიყვანეს. შემდეგ გამოჩნდა ყალბი სამკურნალო საშუალებები — გელები, სითხეები თუ ფხვნილები, რომლებიც თითქოს ვირუსის წინააღმდეგ იმუნურს გაგვხდიდა.
შემდეგ მოჰყვა არასწორი ბრალდებები ხელისუფლებებისა თუ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ; გაჩნდა რასობრივი შფოთვაც. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ტაივანი ვირუსის შედეგად გარდაცვლილებს მალავდა და ვირუსი კონტროლს მიღმა იყო; მეორენი კი ვირუსის გავრცელებაში Microsoft-ის თანადამფუძნებელ ბილ გეიტსს ადანაშაულებდნენ. იტალიელები ქუჩაში გამოდიოდნენ და ჩინელებს მათ ქვეყანაში ვირუსის შეტანაში ადანაშაულებდნენ. არც ერთი ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებასთან ერთად, მის შესახებ აგორდა დეზინფორმაციის ტალღაც, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიაკომპანიები მის შეჩერებას აგრესიული ძალისხმევით ცდილობდნენ. ფეისბუქი, გუგლი და ტვიტერი აცხადებენ, რომ დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ იმდენად სწრაფად შლიდნენ, რამდენადაც შეეძლოთ; ამავე დროს, სწორი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფისთვის მუშაობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა სამთავრობო ორგანიზაციებთან.
უსაფრთხოების მკვლევრებმა ისიც კი აღმოაჩინეს, რომ ჰაკერები აკეთებდნენ სახიფათო ვებსაიტებს, რომლებზეც თითქოს ინფორმაცია იყო განთავსებული კორონავირუსის შესახებ. სინამდვილეში ეს ვებგვერდები ციფრული ხაფანგებია, რომელთა მიზანიც იქ შესულ ადამიანთა პერსონალურ მონაცემთა მოპარვა ან მათ მოწყობილობებში შეღწევაა.
კორონავირუსის შესახებ ყალბი და საზიანო ინფორმაციის გავრცელება მკვლევრებსა და ინტერნეტკომპანიებს შორის მიმდინარე მზარდი ბრძოლის მკაცრი შემხსენებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპანიები სიმართლის დასაცავად იქმნება, ხშრად ხდება ისე, რომ მათ სრულიად ამარცხებენ ინტერნეტის ტყუილები და ქურდები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსის შესახებ ინტერნეტში ძალზედ ბევრი არასწორი ინფორმაციაა.
„დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ვხედავ ყველგან. ზოგი ადამიანი პანიკაშია და ჯადოსნურ სამკურნალო საშუალებებს ეძებს, ზოგი კი კონსპირაციული თეორიებით არის დაკავებული“, — ამბობს ჯეფერსონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარი ოსტინ ჩიანგი.
ფეისბუქი, იუთუბი და ტვიტერი აცხადებენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ხალხი სანდო წყაროებისა და სამედიცინო ინფორმაციისკენ მიმართონ, რისთვისაც პირდაპირ კომუნიკაციაში არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან.
ფეისბუქის განცხადებით, ის კრძალავს კონტენტს, რომელმაც შეიძლება ხალხი დააზარალოს, მაგალითად, მასალებს, რომლებმაც შეიძლება ხალხს ეჭვი გაუჩინოს სამკურნალო საშუალებებისადმი ან კორონავირუსის პრევენციის საწინააღმდეგო მიდგომებში. კონსპირაციული თეორიების შემცველ პოსტებსა და ვიდეოებს მიენიჭათ მკაფიო ნიშანი, რომ ისინი ყალბია.
როდესაც ფეისბუქის მომხმარებელი მათ გაზიარებას ცდილობს, ამოდის შეტყობინება, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს პოსტში არსებული ყალბი ინფორმაციის შესახებ.
თუმცა, ამ ზომებმა ვერ შეაჩერა ადამიანები დახურულ ფეისბუქ-ჯგუფებში ვირუსის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ბმულების გაზიარებისგან. ზოგიერთ დახურულ ჯგუფში, რომელშიც 100 000-ზე მეტი წევრია, ვრცელდება კონსპირაციული თეორიები, რომ კორონავირუსი ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ შექმნა , რათა უფრო მეტი წამალი და ვაქცინა გაყიდოს.
ამავე დროს, ბევრი პოსტი ადამიანებს მოუწოდებს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მიიღონ ვიტამინები და იკვებონ დაბალანსებულად, ზოგიერთიც ამისათვის სხვადასხვა ფხვნილისა და სასმლის მოხმარებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის განცხადებით, ზოგიერთი საშუალება იმდენად სახიფათო და მავნებელია, რომ ქლორის დალევას უდრის.
კორონავირუსის შესახებ ხალხის სწორი ინფორმაციისკენ მისამართად, ფეისბუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკლამების უფასოდ განთავსება შესთავაზა. ამავე დროს, კომპანია აცხადებს, რომ გამუდმებით გააგრძელებს ინფორმაციის გადამოწმებას და დეზინფორმაციის შემცველი პოსტების წაშლას.
დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდროდ მუშაობს გუგლის მფლობელობაში არსებული იუთუბიც. კომპანიის პრესსპიკერი ფარშად შადლო აცხადებს, რომ იუთუბს აქვს პოლიტიკა, რომელიც კრძალავს საეჭვო სამედიცინო მეთოდების შემცველ ვიდეოებს.
იუთუბის უამრავ ვიდეოს აქვს მყვირალა სათაური, რომელშიც მომხმარებელს ვირუსის სამკურნალო საშუალებებს სთავაზობენ. ზოგიერთი ვიდეოს კომენტარების ველში კი ნახავთ ბმულებს ვებგვერდებზე, რომლებიც ალტერნატიულ, უსაფუძვლო სამკურნალო საშუალებებს გთავაზობენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ბმულებს სამკურნალო საშუალების საძებნელად შესული ხალხი გადაჰყავს ვებგვერდებზე, რომლებიც მათ საკრედიტო ბარათის მონაცემებს ან სხვა პერსონალურ ინფორმაციას ჰპარავს.
სამწუხაროდ, სოციალურ მედიაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის ტალღა საქართველოშიც მძვინვარებს, განსაკუთრებით კი კონსპირაციული თეორიები. თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია, რომ სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ ნებისმიერ პოსტის გაზიარების წინ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვება.
საუკეთესო გამოსავალია, არ აჰყვეთ პანიკას, გაითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ; ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, იყოთ დაკვირვებული, გადაამოწმოთ ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროს სანდოობა, მანამდე კი არ გახსნათ საეჭვო ვებგვერდები, რადგან შეიძლება, არასწორი ინფორმაციის მიღების გარდა, კიბერდანაშაულის მსხვერპლიც აღმოჩნდეთ.
მომზადებულია მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.