დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ვოტსაპმა შეტყობინების გადამისამართების ახალი შეზღუდვა შემოიღო
საკუთარ პლატფორმაზე კონკრეტული შეტყობინების გაზიარების სიხშირესთან დაკავშირებით, ვოტსაპმა ახალი შეზღუდვა შემოიღო. მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
ფეისბუქის კუთვნილი სამესიჯო სერვისი აცხადებს, რომ თუკი მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომელიც უკვე ხუთჯერ ან მეტჯერ არის გადაგზავნილი, ახალი წესების მიხედვით, მისი გადაგზავნა მას ერთდროულად მხოლოდ ერთი კონტაქტისთვის შეეძლება.
შეზღუდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა ვოტსაპმა შარშანაც მიიღო, რომლის მიხედვითაც, ერთი შეტყობინების გადამისამართება მომხმარებელს ერთდროულად მაქსიმუმ ხუთი კონტაქტისთვის შეუძლია. აპლიკაციას ამჟამად მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შეზღუდვა ერთი და იგივე შეტყობინებათა გადაგზავნის გლობალურ მოცულობას 25 პროცენტით შეამცირებს.
„არის თუ არა შეტყობინების გადამისამართების ფუნქცია ცუდი? რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ამ ფუნქციით სარგებლობა წარმოუდგენლად გაიზარდა და მომხმარებლები გვეუბნებიან, რომ შეწუხდნენ და თანაც, ამას დიდი წვლილი შეაქვს დეზინფორმაციის გავრცელებაში“, — წერის კომპანია ბლოგპოსტში.
კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით საკუთარ პლატფორმაზე შეამცირებს გარკვეული ვირუსული შეტყობინებების გავრცელებას.
იმის გამო, რომ ვოტსაპზე მიმოწერა დაშიფრულია, კომპანია გაგზავნილი შეტყობინებების კონტენტს ვერ ხედავს და შესაბამისად, ვერ იღებს მოდერაციის ისეთ ზომებს, როგორიც ფეისბუკსა და ტვიტერს აქვთ.