„ვოტსაპი“ ანდროიდზე „ღამის რეჟიმს“ ამატებს
„ვოტსაპი“ ანდროიდზე „ღამის რეჟიმს“ ამატებს

„ვოტსაპმა“ ანდროიდისთვის ღამის რეჟიმი შექმნა — მახასიათებელი, რომელსაც პოპულარული სამესიჯო აპლიკაციის მომხმარებელი დიდხანს ელოდებოდა.

ახალი მახასიათებელი უახლოესი განახლების შემდეგ გამოჩნდება. ინტერნეტში უკვე ვრცელდება რამდენიმე გაჟონილი „სქრინშოტი“. ინფორმაციას პორტალი Wabetainfo ავრცელებს.

„ღამის რეჟიმი“ შეამცირებს ეკრანის სიკაშკაშეს და მომხმარებლებს უფრო გაუადვილებს შეტყობინებების წაკითხვას დაბალი განათების პირობებში.

გამოცემის მიხედვით, ანდროიდის მომხმარებლები ახალ მახასიათებელს განახლებაში ნომრით 2.19.82 მიიღებენ. თუმცა, განახლების გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

როგორც „სქრინშოტებიდან“ ჩანს, ახალი მახასიათებელი მუქი რუხი იქნება და არა შავი. ეს კი შეამცირებს კონტრასტს ტექსტსა და ფონს შორის, რაც თვალების ნაკლებ დაძაბულობას გამოიწვევს.

„ვოტსაპი“ პირველი სამესიჯო აპლიკაცია არ არის, რომელმაც „ღამის რეჟიმი“ შეიმუშავა. მანამდე ეს მახასიათებელი დაამატეს „ფეისბუკ-მესენჯერმა“, „ტელეგრამმა“ და „ვაიბერმა“.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თავის საძიებო სისტემაში ფერთა სქემის განახლებაზე მუშაობს „გუგლიც“.

ახალ მახასიათებელთან დაკავშირებით, „ვოტსაპში“ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ფესიბუკის კუთვნილ ამ სამესიჯო აპლიკაციას თვეში 1,5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

დატოვე კომენტარი