საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.
„ვიწყებთ ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას ჩვენი დევნილი ვეტერანებისთვის. ეს ბინები შენდება ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში წლის ბოლომდე 60 დევნილ ვეტერანს გადაეცემა ბინები, ხოლო მომავალ წელს, ჩვენი ვეტერანი სამხედროები 120 ბინით დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა პრემიერმა.