დევნილებს, რომლებიც პროფსასწავლებლებში სწავლობენ, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება, კურსდამთავრებულები კი, სამუშაო იარაღებს მიიღებენ  
დევნილებს, რომლებიც პროფსასწავლებლებში სწავლობენ, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება, კურსდამთავრებულები კი, სამუშაო იარაღებს მიიღებენ  

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში იმ დევნილთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებმაც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ჩააბარეს და ასევე, ვინც კოლეჯში სწავლა უკვე დაასრულა.

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019  წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სააგენტო სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს.  ტრანსპორტირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომლის ფაქტობრივ და/ან იურიდიულ მისამართსა და სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა, მანძილი 2 კმ-ზე მეტია. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც საზოგადოებრივი (მათ შორის საქალაქთაშორისო), ისე კერძო ტრანსპორტი (საჭიროების შემთხვევაში). პროგრამით, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს, დღემდე 442 – მა დევნილმა ისარგებლა.  პროგრამაში ჩართულობის მიზნით, განაცხადების მიღება 18 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებმაც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები უკვე დაასრულეს,  თვითდასაქმების მიზნით, სააგენტო მათთვის სახელობო იარაღებს შეისყიდის. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას ექვემდებარება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები. ინდივიდუალური საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 1600 ლარია. დასაშვებია მაქსიმუმ სამი განმცხადებლის გაერთიანება. საგრანტო პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წელს, 49 დევნილ კურსდამთავრებულს სახელობო იარაღები უფასოდ უკვე გადაეცა.

პროგრამის ფარგლებში შეირჩა კონკრეტული სპეციალობა, რომლის კურსდამთავრებულსაც შესაძლებლობა აქვს თვითდასაქმების გზით შემოსავლის წყარო შეიქმნან. წელს ასეთი სპეციალობების რაოდენობა 52-დან 180-მდე გაიზარდა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც 2015-2018 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ პროგრამაზე სწავლა და აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. აღნიშნულ წლებში პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილთა რაოდენობა 754-ია. მათგან გრანტს დაახლოებით 50 ბენეფიციარი მიიღებს. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, ხოლო განაცხადების მიღება 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.