დევიდ ლი - მიმდინარე წლის აპრილში კარლ ჰარცელმა თავის ოფისში დამიბარა და მითხრა, აღარ იმუშავებდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, თუ აღმასრულებელ ხელმძღვანელად დავრჩებოდი, მე გადავდექი, ეს ზეწოლა არასწორია
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი აცხადებს, რომ აღნიშნული თანამდებობა ზეწოლის საფუძველზე დატოვა.
როგორც დევიდ ლი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის მაშინდელმა ელჩმა კარლ ჰარცელმა თავის ოფისში დაიბარა და უთხრა, რომ აღარ იმუშავებდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან, თუ დევიდ ლი აღმასრულებელ ხელმძღვანელად დარჩებოდა.
„ანდრიუს კუბილიუსმა დაწერა წერილი, რომელშიც ევროკავშირის ყოფილ ელჩს უთხრა, არ იმუშაოს საქართველოში ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში მიმდინარე წლის აპრილში და მითხრა, რომ ჩვენთან აღარ იმუშავებდა, თუ მე აღმასრულებელ ხელმძღვანელად დავრჩებოდი. მე გადავდექი. ეს ზეწოლა არასწორია“, – წერს დევიდ ლი.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა დევიდ ლიმ აღნიშნული კომენტარი გამოაქვეყნა რასა იუკნევიჩიენეს მიერ გავრცელებული 12 ევროპარლამენტარის წერილის პასუხად, სადაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.