დენის შმიგალი აცხადებს, რომ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა პოლონეთის მხრიდან შესახვედრად არავინ მივიდა
დენის შმიგალი აცხადებს, რომ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა პოლონეთის მხრიდან შესახვედრად არავინ მივიდა

უკრაინა პოლონეთს ფერმერების მიერ ბლოკირებული საზღვრის გასახსნელად „ურთიერთგაგების გეგმას“ სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჩასვლისას განაცხადა, სადაც ის უკრაინულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, თუმცა პოლონეთის მხრიდან შეხვედრაზე არავინ გამოცხადებულა.

პრემიერის თქმით, „ურთიერთგაგების გეგმა“ ხუთი ნაბიჯისგან შედგება:

1. უკრაინა დათანხმდება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვას, რომელიც უკრაინული აგრარული პროდუქციის ექსპორტზე, კერძოდ კი, ფრინველის ხორცზე, კვერცხსა და შაქარზე უნდა გავრცელდეს;

2. უკრაინა სთხოვს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩაატაროს „კანონმდებლობის სკრინინგი“, რომელიც დაკავშირებულია აგრარულ პოლიტიკასა და ტრანსპორტირებასთან, „რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს მანიპულაციები უკრაინის აგრარული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით“;

3. კიევისა და ვარშავის ხელისუფლებები შეადგენენ ერთობლივ მიმართვას ევროკომისიის მიმართ, რომელშიც მოუწოდებენ, შეწყდეს რუსული აგრარული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში, ისე როგორც ეს ლატვიის სეიმმა განახორციელა;

4. კიევი წინადადებით გამოდის, შეიქმნას „სამმხრივი შტაბი: უკრაინა, პოლონეთი, ევროკომისია“, რომელსაც უკრაინის, პოლონეთისა და ევროკომისიის სოფლის მეურნეობის მინისტრები უხელმძღვანელებენ და ოპერატიულად გადაჭრიან ყველა გაუგებრობას;

5. პოლონეთი საბრძოლო მასალების, სამხედრო აღჭურვილობის, ჰუმანიტარული დახმარების, სამედიცინო საშუალებების მოძრაობის განბლოკვის შემდეგ გაავრცელებს შესაბამის ზომებს უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო საწვავზეც.

„სამმხრივი შტაბი უწყვეტად იმუშავებს. საზღვრის განბლოკვის საკითხი 28 მარტამდე ბევრად ადრე უნდა გადაწყდეს, თარიღამდე, როდესაც უნდა შემდგარიყო უკრაინისა და პოლონეთის მთავრობების ერთობლივი სხდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა უფლებას იტოვებს, გამოიყენოს სარკისებური ზომები გამშვებ პუნქტებზე“, – აცხადებს პრემიერი.