„დემოკრატიამ გაიმარჯვა“ - აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილი
„დემოკრატიამ გაიმარჯვა“ - აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილი

დღეს არის დემოკრატიის დღე, ისტორიისა და იმედის განახლების დღე. ამერიკა თავიდან გამოიცადა და ამერიკა გამოწვევის წინაშე დგას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის საქმის არსს. ხალხის ნება შესმენილი და გათვალისწინებულია, – ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში თქვა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ კვლავ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია. დემოკრატია ფაქიზია. ახლა ჩემო მეგობრებო , დემოკრატიამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საკითხსაც შეეხო.

„ამიერიდან, ამ წმინდა ადგილზე, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ, ძალადობა ცდილობდა კაპიტოლიუმის საფუძვლის შერყევას, ჩვენ ერთ ერად გავერთიანდით, ღვთის წინაშე, დანაწევრების გარეშე, რათა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება უზრუნველვყოთ, როგორც ამას ორ საუკუნეზე მეტია, ვაკეთებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედებს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მათ შორის მათაც, ვინც ინაუგურაციას ვერ დაესწრო.

„მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს ორივე პარტიიდან დღეს აქ ყოფნისთვის. მთელი გულით მადლობას ვუხდი მათ. მე ვიცნობ ჩვენი კონსტიტუციის მდგრადობასა და სიმტკიცეს, ჩვენი ერის სიმტკიცეს. ისევე, როგორც პრეზიდენტი კარტერი, რომელსაც გასულ ღამეს ვესაუბრე და რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ვერ იმყოფება, თუმცა, აღვნიშნავთ მის ღვაწლს სახელმწიფოს სამსახურში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამერიკის ისტორია „ყველაზეა დამოკიდებული“.

„მე ახლახან დავდე წმინდა ფიცი, რომელიც ამ თითოეულმა პატრიოტმა დადო. თუმცა, ამერიკის ისტორია არა მხოლოდ რომელიმე ჩვენგანზე, არამედ ყველაზეა დამოკიდებული, ჩვენზე, ხალხზე, რომელიც უფრო სრულყოფილი კავშირისკენ მიისწრაფის. ეს დიდებული ერია“, – განაცხადა ბაიდენმა.

კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს ისტორიული სირთულეების წინაშე დგანან.

„ჩვენ გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, ბევრია გამოსასწორებელი და აღსადგენი, განსაკურნი, ასაშენებელი და მოსაპოვებელი. ძალიან ცოტა ადამიანი იყო ისტორიაში ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორის წინაშეც ახლა ჩვენ ვართ. უიშვიათესმა ვირუსმა, რომელიც ჩუმად ერჩის ქვეყანას, იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა ერთ წელში, ვიდრე ამერიკამ მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში დაკარგა. მილიონით სამუშაო ადგილი გაუქმდა, ასობით ათასი ბიზნესი დაიხურა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა რასობრივი უთანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც. ისაუბრა პოლიტიკური ექსტრემიზმის ზრდასა და შიდა ტერორიმზე.

„ამ გამოწვევების დაძლევა, ამერიკის მომავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი სულის აღდგენა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სიტყვებია. ეს მოითხოვს დემოკრატიაში ყველაზე რთულ რამეს – ერთიანობას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა გაიხსენა 1863 წლის იანვარში აბრაამ ლინკოლნის მიერ ემანსიპაციის პროკლამაციაზე ხელმოწერის ისტორია და მოიყვანა მისივე ციტატა: „ თუკი ჩემი სახელი ისტორიაში შევა, ეს ამ აქტის გამო მოხდება. ამაში მთელი ჩემი სულია“ – ციტირებს ბაიდენი ლინკოლნის სიტყვებს და აღნიშნავს, რომ მთელი მისი სული ამერიკის გაერთიანების, ხალხის, ერის გაერთიანებაშია. „და მე ვთხოვ თითოეულ ამერიკელს, შემომიერთდეს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მტრის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენ ვუპირისპირდებით: ბრაზს, უკმაყოფილებას, სიძულვილს, ექსტრემიზმს, უკანონობას, ძალადობას, დაავადებას, უმუშევრობასა და უიმედობას. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია, დიდებული საქმეები ვაკეთოთ, მნიშვნელოვანი საქმეები. ჩვენ შეგვიძლია, შეცდომების გამოსწორება. შეგვიძლია, ხალხი კარგ სამსახურებში დავასაქმოთ. შეგვიძლია, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უსაფრთხო სკოლებში. შეგვიძლია, დავძლიოთ მომაკვდინებელი ვირუსი. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ რასობრივი სამართლიანობა და ამერიკა კიდევ ერთხელ წამყვან ძალად ვაქციოთ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ვრცლად ისაუბრა ერთიანობის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ დაუშვებელია პოლიტიკური უთანხმოება სამოქალაქო ომად გადაიქცეს.

„პოლიტიკა არ უნდა იყოს გაღვივებული ცეცხლი, რომელიც მის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. თითოეული უთანხმოება არ უნდა იყოს ტოტალური ომის მიზეზი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ კულტურაზე, რომელშიც ხდება ფაქტებით მანიპულირება და მათი ფაბრიკაცია. ჩემო თანამემამულენო, ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს.

ჩვენ ვდგავართ იქ სადაც, დოქტორი (მარტინ ლუთერ) კინგი მის ოცნებებზე საუბრობდა. ვდგავართ იქ, სადაც 108 წლის წინ, სხვა ინაუგურაციაზე პროტესტის ათასობით მონაწილე შეეცადა, დაებლოკა მამაცი ქალების მარში ვეტოს უფლებისთვის. დღეს კი, ამერიკის ისტორიაში ადმინისტრაციაში არჩეულმა პირველმა ქალმა ფიცი დადო. ვიცე-პრეზიდენტო კამალა ჰარის, არ მითხრათ, რომ ცვლილებები შეუძლებელია“, – მიმართა ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტსა და შეკრებილ საზოგადოებას.

ჯო ბაიდენი მოქალაქეებს დაპირდა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

„უთანხმოებამ დაყოფამდე არ უნდა მიგვიყვანოს. მე გპირდებით, რომ მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. მე ვიბრძოლებ მათთვის, ვინც მხარი არ დამიჭირა და მათთვისაც, ვინც დამიჭირა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა იანვრის დასაწყისში დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზეც.

„გასულმა კვირებმა და თვეებმა მტკივნეული გაკვეთილი გვასწავლა. არსებობს სიმართლე, არსებობს ტყუილი, ტყუილი ნათქვამი ძალაუფლებისთვის და სარგებლის მისაღებად. თითოეულ ჩვენგანს მოვალეობა და პასუხისმგებლობა აქვს, როგორც მოქალაქეს, როგორც ამერიკელს, განსაკუთრებით როგორც ლიდერს, ლიდერს, რომელიც დაგპირდათ, პატივი მიეგო ჩვენი კონსტიტუციისთვის და დაეცვა ჩვენი ერი, დაეცვა სიმართლე და დაემარცხებინა სიცრუე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა მიმართა მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად ნაცნობი და გასაგებია ის შიში, რომელიც ამერიკელებს სამუშაოების დაკარგვასა ან ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით შეიძლება, ჰქონდეთ.

ბაიდენმა საინაუგურაციო სიტყვაში მიმართა საზღვარგარეთ მოკავშირეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამერიკა გამოიცადა და ჩვენ გავძლიერდით. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს და მსოფლიოსთან კვლავ ვითანამშრომლებთ, არა გუშინდელი გამოწვევების, არამედ დღევანდელი და ხვალინდელი გამოწვევებისთვის. ჩვენ ვიქნებით მტკიცე და საიმედო პარტნიორები მშვიდობის, პროგრესისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიასა და სიმართლეზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ეპიდემიასა და მზარდ უთანასწორობაზე, სისტემურ რასიზმზე, კლიმატურ კრიზისსა და ამერიკის როლზე მსოფლიოში.

ამერიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაიცავს კონსტიტუციას, დემოკრატიას, აშშ-ს და იქნება თითოეული მოქალაქის სამსახურში.

„ერთად ჩვენ დავწერთ ამერიკის იმედის და არა შიშის, ერთიანობის და არა დაყოფის, სინათლის და არა სიბნელის ისტორიას. დემოკრატია და იმედი, სიმართლე და სამართლიანობა არ დაიღუპება ჩვენი ზედამხედველობისას“, – განაცხადა ბაიდენმა.