ჯო ბაიდენი - საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, უკანონო შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, ეს კანონს ეწინააღმდეგება
ჯო ბაიდენი - საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, უკანონო შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, ეს კანონს ეწინააღმდეგება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უნივერსიტეტების კამპუსებში დემონსტრანტებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ აზრი კანონის ფარგლებში, თუმცა არ უნდა მიმართონ ძალადობრივ ქმედებებს, – ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალადობრივი პროტესტები არ არის დაცული. მშვიდობიანი პროტესტი დაცულია. ძალადობა კანონს ეწინააღმდეგება. საკუთრების განადგურება არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს კანონს ეწინააღმდეგება. ვანდალიზმი, უკანონო შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა, გაკვეთილების ჩაშლა – აქედან არცერთი არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ხალხის დაშინება, მუქარა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, ეს კანონს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მოვლენებმა გამოცდის წინაშე დააყენა ამერიკის ორი ფუნდამენტური პრინციპი – სიტყვისა და შეკრების თავისუფლება და მეორე – კანონის უზენაესობა. ორივე მათგანი უნდა იყოს დაცული.

„ჩვენ არ ვართ ავტორიტარული ქვეყანა, სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან განსხვავებულ აზრს ვახშობთ. ამერიკელი ხალხის ხმა გაგონილია“, – აღნიშნა ბაიდენმა,

მისი თქმით, ამერიკაში უზრუნველყოფილია პროტესტის უფლება, თუმცა არა ქაოსის შექმნის უფლება. ადამიანებს აქვთ განათლების, კამპუსებში თავისუფლად და დაცულად გადაადგილების უფლება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკაში არ არის ანტისემიტიზმის ან ისლამოფობიის ადგილი.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში პოლიციამ აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტში პროპალესტინელი დემონსტრანტების ბანაკები დაშალა და ასობით ადამიანი დააკავა.