თეთრი სახლი - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ჯო ბაიდენმა გაიმეორა თავისი მკაფიო პოზიცია ღაზის საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით
თეთრი სახლი - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ჯო ბაიდენმა გაიმეორა თავისი მკაფიო პოზიცია ღაზის საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენმა გაიმეორა თავისი მკაფიო პოზიცია „ღაზის საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით“.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორმა ლიდერმა განიხილა მოლაპარაკებების საკითხი იმ მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ამ დრომდე ღაზაში იმყოფებიან. მათ ასევე განიხილეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდილი ტემპი, მათ შორის, მზადება ღაზაში ახალი გადასასვლელების გასახსნელად.

„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ პროგრესის შენარჩუნებისა და გაძლიერების აუცილებლობას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან სრული კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, ორმა ლიდერმა ბოლოს 13 აპრილს ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა.