„დელტაში“ ახალი სადაზვერვო ჯავშანმანქანის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
„დელტაში“ ახალი სადაზვერვო ჯავშანმანქანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, ჯავშანჟილეტები, ნაღმმტყორცნები და ჯავშანჩაფხუტები.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მომავალ წელს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, თავდაცვის ძალებს ქართული წარმოების რვა ახალი სადაზვერვო მანქანა გადასცეს.
„დღეს იხილეთ „დელტას“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. ხედავთ, სადაზვერვო მანქანა, რომელიც ჩვენი რესურსებით შეიქმნა, ვიზუალურად რამდენად დახვეწილია. ვგეგმავთ, რომ მომდევნო წელს თავდაცვის ძალებს რვა ახალი სადაზვერვო მანქანა გადაეცეს.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ხარვეზები, რაც ჰქონდა „დიდგორს“, დაიხვეწა და ყოველდღიურად შეჯავშნული მანქანის წარმოება ჩვენ საწარმოში დაიხვეწება. შარშან იყო პირველი წელი, როდესაც თავდაცვის ძალებმა პირველად მიიღეს ქართული წარმოების შეჯავშნული მანქანები. ჩვენი საწარმოს მეშვეობით გადავეცით 40 ერთეული მანქანა, ასევე რვა ერთეულს გადავცემთ მომდევნო წელს.
დღეს ვნახეთ ჩვენი წარმოებული შაშხანები. მას შემდეგ, რაც პროტოკოლით დავაკმაყოფილებთ ჩვენი თავდაცის ძალების მოთხოვნას, ვგულისხმობ რაოდენობას, გადავალთ კომერციული მიზნების განხორციელებაზე. ყოველ წელს შევძლებთ, ათამდე გაუმჯობესებული „დიდგორი მეომარი“ გადავცეთ თავდაცვის ძალებს. ყოველდღიურად ჩვენ საწარმოებში მიმდინარეობს ქართული ნაწარმის გაუმჯობესება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.