დეკლარაციის მიხედვით, ქართველი დეპუტატებიდან ბიტკოინებს ირმა ნადირაშვილის ოჯახი ფლობს 
დეკლარაციის მიხედვით, ქართველი დეპუტატებიდან ბიტკოინებს ირმა ნადირაშვილის ოჯახი ფლობს 

პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის მეუღლე, ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილი 15 ბიტკოინს ფლობს. ნადირაშვილმა შესაბამისი მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა, რომელიც 2 ოქტომბერს შეავსო.

დოკუმენტში მითითებულია, რომ თითო ბიტკოინის ფასი 700 დოლარია. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ვირტუალური ფულის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის ერთი ბიტკოინი 18 900 დოლარი ღირს. შესაბამისად, 15 ბიტკოინის ღირებულება უკვე 283 500 დოლარია. ვირტუალური ფული დაღელაშვილმა 2016 წელს შეიძინა.

ვირტუალურ ფულს ფლობს თავად ნადირაშვილიც. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის მფლობელობაშია 100 ერთეული etherium-ი (ვირტუალური ფული, რომლის დღევანდელი ღირებულება 710 დოლარია).

დავით დეღელაშვილის საკუთრებაშია ასევე 107 000 onecoin-ი, რომელსაც მედიასაშუალებათა ნაწილი ერთ-ერთ პერსპექტიულ კრიპტოვალუტას უწოდებს.

ნადირაშვილის გარდა, ბიტკოინის ან სხვა ვირტუალური ფულის შესახებ მონაცემები პარლამენტის სხვა წევრთა დეკლარაციებში არ იძებნება.