დეკანოზი იოანე გორელიშვილი - მეუფე დიმიტრი გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში
მეუფე დიმიტრი გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში, – ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეებთან დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, მეუფე დიმიტრი გერმანიაში იმყოფება.
ამასთან, მისივე თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნითაც მიმართა.
„მეუფე დიმიტრი არ იმყოფება საქართველოში. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ მან ყველაფერი გააკეთა. პრეზიდენტსაც მიმართა შეწყალების თხოვნით, თუმცა ამაზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გასცეს. მეუფე გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული მამალაძის უდანაშაულობაში“, – განაცხადა დეკანოზმა.
გორელიშვილის განცხადებებს მამალაძის ოჯახის წევრების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეკანოზის ოჯახის წევრებმა მეუფე საკუთარი თავის პიარსა და უდანაშაულო მღვდლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრისგან დუმილის დარღვევას ითხოვენ.
„არაფერი გააკეთა მეუფემ, რატომ დუმს, მან ხომ ყველაზე კარგად იცის, რა მოხდა და თუ გინდათ, გეტყვით რატომ დუმს. მას ეშინია ვიღაცების და ჩამოგითვლით ვისი ეშინია. გავაგრძელოთ საუბარი ამ მიმართულებით? მეუფე იაკობმა ორი კვირით ადრე იცოდა ყველაფერი“, – მიმართა დეკანოზ იოანეს თორნიკე მამალაძემ.
აქცია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან დასრულდა.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, მეუფე დიმიტრი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად შეხვდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრების განცხადებით, შეხვედრებს აზრი აღარ აქვს. მათი თქმით, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
როგორც პირველ არხს თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ხვალ თბილისში, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება და სამომავლო გეგმების შესახებ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
„გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.