დავით ჯანდიერი - სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, სტრასბურგის გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი მამალაძის მსჯავრდების საკითხი განახლდეს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება
დავით ჯანდიერი - სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, სტრასბურგის გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი მამალაძის მსჯავრდების საკითხი განახლდეს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამი ნაწილიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მეექვსე მუხლის ანუ სამართლიანი სასამართლოს/განხილვის დარღვევის უფლება. სამი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, სამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

„ერთი უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას, მეორე საკითხი იყო საქმის განხილვასთან დაკავშირებით დახურული რეჟიმი მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, სხვა დანარჩენ ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ჯანდიერმა.

ადვოკატის თქმით, მან უნდა შეაჯეროს საკუთარი პოზიციები მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

„მე უნდა შევაჯერო მასთან პოზიცია. მას აქვს უფლება, გადაწყვეტილების მიუხედავად, უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. ამავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე მოხდეს გადაწყვეტილების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საბოლოო ჯამში განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული შეწყალების უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, დავით ჯანდიერის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო.

„სასამართლო არ ამბობს, დამნაშავე ვინმე არის თუ არ არის, ეს არის პროცედურაზე, რამდენად იყო დაცული. სასამართლომ თქვა, რომ მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში ის ვერ უყურებს კონვენციის დარღვევას. რაც შეეხება სასამართლოში განხილვის საჯაროობას, სხდომის და გამოძიების ნაწილს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი. სასამართლომ თქვა, რომ მეექვსე მუხლი დაირღვა და გადაწყვეტილებები ეფუძნება ადამიანის უფლებებს და კონვენციის პრაქტიკას. იუსტიციის სამინისტრომ პროცესი წააგო“, – განაცხადა ჯანდიერმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.