ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო

შეწყალების კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისია საქმეს განსაკუთრებული წესით განიხილავდა.

„გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.

ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას.

გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შეწყალების კომისია შესაწყალებელ პირთა საქმეებზე 19-23 სექტემბრის პერიოდში მუშაობდა.