დეკანოზი ილია ჭიღლაძე - არ არსებობს მორალური და ისტორიული საფუძველი, რომ საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭიროს
არ არსებობს მორალური და ისტორიული საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭიროს, – ეს განცხადება პირველ არხთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს ბირმინგემისა და მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გააკეთა. მისივე თქმით, საპატრიარქოს ამ ეტაპზე უკრაინის ეკლესიის საკითხზე ოფიციალური პოზიცია არცერთ დონეზე არ გაუმჟღავნებია.
„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საპატრიარქო მხედველობაში მიიღებს მსოფლიო საეკლესიო და პოლიტიკურ ვითარებას, ასევე გაითვალისწინებს მოძმე უკრაინული ერის დიდ ისტორიულ სურვილს, რომლის რეალიზაციასაც აქვს კანონიკური და საეკლესიო საფუძველი, და მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის ავტოკეფალიას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ლიკვიდირებული, ანექსირებული და დაპყრობილი რუსეთის ეკლესიის მიერ. ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავდა რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეგზარქოსთა მმართველობა საქართველოს ეკლესიაში და ისიც კარგად გვახსოვს, რა დიდი ბრძოლის ფასად შევძელით ავტოკეფალიის განახლება და მოსკოვის საუკუნოვანი ტყვეობიდან დაღწევა. ამდენად, ვფიქრობ, არანაირი მორალური და ისტორიული საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს ლტოლვას გაითავისუფლოს თავი რუსეთის იმპერიალისტური საეკლესიო ჰეგემონიისაგან“, – განაცხადა დეკანოზმა ილია ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ განცხადება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს ხანში მიიღებს ავტოკეფალიას.
მსოფლიო პატრიარქის ამ ნაბიჯს რუსეთის საპატრიარქო არ ეთანხმება. მოსკოვში საპასუხო ზომების მიღებით რამდენჯერმე დაიმუქრნენ.