დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა კორექტულობა ყველამ უნდა დაიცვას
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა კორექტულობა ყველამ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან პატრიარქის გუშინდელი განცხადების შესახებ აღნიშნა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით ზოგიერთი მღვდელმთავრის მხრიდან არაკორექტული რეპლიკები გაკეთდა და პატრიარქმა საჭიროდ მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადება გაეკეთებინა.
„ქალბატონი სალომეს ზოგიერთმა გამონათქვამმა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულმა შეხედულებამ, ზოგიერთი მღვდელმთავრის მხრიდან რეპლიკები გამოიწვია, რამაც სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და მოსახლეობის კომენტარები მოჰყვა. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძინა ძალიან არაკორექტული ფორმა, ამიტომ საპატრიარქომ და მისმა უწმინდესობამ მიიჩნია საჭიროდ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, ყველა მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესის გათვალისწინებით, კითხვა-პასუხის პროცესმა სხვა დატვირთვაც შეიძინა და არჩევნების კონტექსტში განიხილებოდა. ასეთ დროს კი, ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ნეიტრალური იყოს და ამაში არ მიიღოს მონაწილეობა.
„თუმცა, მეორე მხრივ, არ შეიძლება გამიჯვნა სასულიერო პირებისა ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან, რომელთაც ჩვეულებრივ აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება, კორექტულობა კი, ყველა შემთხვევაში, არის დასაცავი, ვინც არ უნდა იყოს ეს. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ, რომ რაღაც დაიძაბა და გასცდა ფარგლებს ეს მითქმა-მოთქმა.
ეკლესიას შეუძლია თავისი ძალა აჩვენოს სიმართლის ხმამაღლა თქმით და რეალობის აღწერით, მოსახლეობის სატკივარის ხელისუფლებამდე მიწვდენით, ეს არის ეკლესიის ძალა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება სასულიერო პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კორექტულობის ჩარჩოში დარჩება.
„იმედია, კორექტულობის ჩარჩოებში დარჩება ეს გამონათქვამები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. ვიტყოდი, რომ არ ყოფილიყო საარჩევნო პერიოდი, იგივე პასუხები იქნებოდა იმ გამონათქვამებზე, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს არ არის დაკავშირებული არაფრით იმასთან, რომ არჩევნებზე იქონიოს გავლენა“, – განაცხადა დეკანოზმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა: „არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი, ასევე ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი.“.
რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.