ანდრია ჯაღმაიძე - სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ როდესაც შოვში მომხდარ უბედურებაში მთავარი ამბავი ტრაგედიაა, უნდა ვიყოთ ერთსულოვანნი
ანდრია ჯაღმაიძე - სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ როდესაც შოვში მომხდარ უბედურებაში მთავარი ამბავი ტრაგედიაა, უნდა ვიყოთ ერთსულოვანნი

ხშირად ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის მისაგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგვისტოს ომსა და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადეს.

„აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი შესრულდა და დღეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ გადაიხადა პანაშვიდი ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. წაიკითხა პატრიარქის სიტყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლოცულობთ საქართველოს გაერთიანებისთვის, დაღუპულთა სულებისთვის – როგორც აფხაზების და ოსების, ისე ქართველების. ასევე, მსახურებაზე მოხსენიებულ იქნა შოვში ტრაგედიის შედეგად დაღუპულები. ძალიან ხშირად ხდება, რომ ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის მისაგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს და სამწუხაროა, როცა ერთი მეორის დადანაშაულებას ცდილობს.

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვების შერჩევა ადამიანებისთვის, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ტრაგედია. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ახსნა, რატომ ხდება ასე და სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ როდესაც მთავარი ამბავი ამ უბედურებაში ტრაგედიაა. ამიტომ ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ მათთვის ლოცვაში და ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების ნუგეშისცემაში“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.