ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო არ გამოეხმაურა, ჯეროვნად არ შეაფასა ტაძარში მომხდარი ვანდალიზმი
ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო არ გამოეხმაურა, ჯეროვნად არ შეაფასა ტაძარში მომხდარი ვანდალიზმი

ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, ვანდალიზმია ის, რაც ხატთან დაკავშირებით გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მოხდა.

„ამ სკანდალისთვის დღე სპეციალურად იქნა შერჩეული, ფაქტობრივად შობის სიხარული წაართვეს ხალხს. შეიძლებოდა დიალოგის გადატანა სხვა დღეს, სხვა დღეს მსჯელობა, მაგრამ მოხდა ისე, როგორც აკეთებენ ხოლმე, რომ როგორმე ადამიანებამდე არ მიაღწიოს საღვთო სიყვარულმა. შობის დღე განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებული სიხარულია მორწმუნეთათვის და ის ნაწილი, რომელიც მუდმივად ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას, პირველად არ აკეთებს ამას. საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ აზრით, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო არ გამოეხმაურა ამ ფაქტს, ჯეროვნად არ შეაფასა ვანდალიზმი. ეს არის ვანდალიზმი, ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ამგვარი ქმედებები თუ წახალისდა, იმავე სურათს მივიღებთ, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ მივიღეთ. ეს არის უცხადესი სურათი. ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ ეკლესიაში, ყველაფერზე არიან წამსვლელები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქოს განცხადების ტექსტი, რომელიც სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში ცვლილებების შეტანას ეხება, კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებულია.

„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო, რომ საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება როცა იდება, ეს განცხადება, ტექსტი ყოველთვის შეთანხმებულია კათოლიკოს-პატრიარქთან. ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, ამ ფაქტს გვერდი აუაროს იმის გამო, რომ ესა თუ ის განცხადება მის პოზიციას არ ემთხვევა, ცილი დასწამოს ვინმეს, საპატრიარქოს თანამშრომელს ან  საპატრიაროქოს დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურს, ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. განცხადებაში მთელი ამბის ერთ ასპექტზეა ძირითადი ყურადღება გადატანილი, ეს არის ხატის შექმნის დროს კანონიკის დარღვევა. საქმე ისაა, რომ სტალინის გამოსახულება, რომელიც ხატის აშიაზე იყო, სტალინის ძალიან პატარა ფიგურა, ეს არის წმინდა მატრონას ცხოვრების ერთ-ერთ აღწერაში და არ არის შესული კანონიკურ ტექსტში, რომელიც მიიღო რუსეთის სინოდმა. ამიტომაც ამ სიუჟეტის გამოტანა ხატზე სწორი არ იყო. სწორედ ამის განმარტებას მიეძღვნა ძირითადად საპატრიარქოს განცხადება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.