სალომე ზურაბიშვილი - არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში
სალომე ზურაბიშვილი - არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში

არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში, მის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს დაუკონკრეტა, რომ მედიის მეშვეობით მის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს მაგალითად, მეუფე პეტრემ და მეუფე იაკობმა.

„მეუფე იაკობმა ილაპარაკა ისევ ცრუ „რუსთავი 2“-ის კითხვიდან გამომდინარე. მან უპასუხა იმ ინფორმაციას, რომელიც მიღებული ქონდა და რაც იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ცრუ ინფორმაცია, რომ ვითომც მე ვიყავი მომხრე რაღაც ლეგალიზაციის, რაც არასოდეს მითქვამს. იყო ჟურნალისტის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია, რაზეც მან რეაგირება გააკეთა. დანარჩენი, ვინც დაასახელეთ, არის იგივე პოლიტიკური მოძრაობა, სამწუხაროდ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე,  ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ, თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.