დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ნაწილს საჯარო განხილვებამდე გაიწვევენ, მადლობა ყველას, ვინც გაითვალისწინა ხალხის ხმა
მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ნაწილს საჯარო განხილვებამდე გაიწვევენ, მადლობა მათ, ვინც გაითვალისწინა ხალხის ხმა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მსვლელობა მოეწყო.
„საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარება შეიყვანა. იმგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა ამ მუხლის, რომ მარიხუანის მოხმარება თვითგანვითარების უფლებაა. ეს, თავისთავად მიგვაჩნია, რომ ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწყვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი კი საშიშროებას ქმნის, რომ მომავალში იგივე სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებიც და ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო რაიმე ქმედებებიც იგივე ლოგიკით დააკანონოს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, მე ამ განცხადებას წავიკითხავ, მაგრამ ვითარება შეიცვალა და მოგახსენებთ, რა შეიცვალა. მეორე საკითხი ასეთი იყო – გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე და როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა, იქვე აცხადებდნენ ხელისუფლების მაღალი თანამმდებობის პირები, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნებოდა მიღებული. ეს გავდა რაღაც უკვე გადაწყვეტილ საკითხს და ეს იწვევდა ძალიან დიდ გულისწყრომას, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ დამოკიდებულება შეიცვალა და ერთი მხრივ, გვინდა მადლობა ვუთხრათ მოსახლეობას, რომლებმაც სიფხიზლე გამოიჩინეს ამ კუთხით და ძალიან კორექტულად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ საშიშროებასთან მიმართებაში. მეორე მხრივ, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ გულისხმიერებისათვის ყველა იმ ადამიანს, სახელისუფლებო უწყებაში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ნარკოტიკების გავრცელებას ეკლესია რა თქმა უნდა ვერ შეეგუება.
„დღეს ცნობილი გახდა ჩვენთვის, რომ ამ კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც კულტივაციას გულისხმობდა, გაწვეული იქნება და საჯარო განხილვებამდე აღარ მოხდება ამაზე საუბარი. ამისათვის მადლობა მათ, ვინც გაითვალისწინეს ხალხის ხმა. ეკლესიის ხმა მრავალჯერ მოგისმენიათ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მის უწმინდესობას არაერთხელ უქადაგია ნარკოტიკების მავნებლობის და საშიშროების შესახებ და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც იქნება საშიშროების შემცველი, რომ ჩვენს ქვეყანაში მომრავლდეს ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანები, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო გაიოლდეს ნარკოტიკების ბრუნვა, ეკლესია რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს ვერაფრით ვერ შეეგუება და ყველა იმ ადამიანის გვერდით დადგება, ვისთვისაც ეს აღმოჩნდება პრობლემა და გულს ატკენს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი საჩქარო არ არის.