დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა შეიზღუდოს თვითგანვითარების უფლების ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც თვითდაზიანებას მოიცავს
კონსტიტუციაში ცვლილებით უნდა შეიზღუდოს თვითგანვითარების უფლების ისეთი ინტერპრეტაცია, რომ იგი მოიცავდეს თვითდაზიანებას, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მსვლელობა მოეწყო.
„საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარება შეიყვანა. იმგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა ამ მუხლის, რომ მარიხუანის მოხმარება თვითგანვითარების უფლებაა. ეს, თავისთავად მიგვაჩნია, რომ ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწყვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი კი საშიშროებას ქმნის, რომ მომავალში იგივე სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებიც და ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო რაიმე ქმედებებიც იგივე ლოგიკით დააკანონოს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არსებობს.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა. პირველი, ეს ეხება პირველ პრობლემას – საკონსტიტუციო სასამართლომ 3-4 კაცის შემადგენლობით მიიღო ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება, გაუგებარი ლოგიკით და როგორც ჩანს, შემდგომშიც არის ამის საფრთხეები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 80-90% წინააღმდეგი იყოს და მისი ნების გამომხატველი პარლამენტი ღებულობდეს რაღაც გადაწყვეტილებას. ამ ყველაზე უფრო ლეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება შეუძლია რომ სამ-ოთხკაციან მოსამართლეების კოლეგიას, გააუქმოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ამ მუხლში – კონსტიტუციის მე-16 მუხლში დღევანდელი რედაქციით და ახალი კონსტიტუციით მე-12 მუხლი იქნება, დაემატოს ისეთი განმარტება, სადაც აღარ მოხდება თვითგანვითარების უფლების ინტერპრეტაცია იმდაგვარად, რომ ეს მოიცავდეს თვითდაზიანების, ჯანმრთელობისათვის მავნე ქცევის ან თვითგანადგურების უფლებას.
ამაზე უნდა იზრუნონ იურისტებმა და ჩვენთვის ცნობილია, რომ გაიცა უკვე ბლანკები ხელმოწერების შესაგროვებლად, 200 000 ხელმოწერა არის საჭირო იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის მოხდეს ინიცირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებას ვუერთდებით და მომხრენი ვართ, რომ შეგროვდეს ეს ხელმოწერები და საკონსტიტუციო ცვლილება მოხდეს ჩამატებით, ამ მე-16 მუხლში ჩამატებით, სადაც ისეთი განსაზღვრება იქნება, რომ მოსამართლეს არ მიეცემა საშუალება, რომ ინტერპრეტაცია მოახდინოს ამ მუხლით იმდაგვარად, რომ საზიანო აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.