დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - იმედი გვაქვს, აღდგომის ტაძარში ასვლა არის პროცესის დასაწყისი და სრულად აღდგება სტატუს-კვო
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე, კერძოდ აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა.
ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს აღდგომის ტაძარში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის პროცესის პირველი ეტაპი, რათა ვითარება გამოსწორდეს და აღდგეს სტატუს-კვო.
„გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც ჩვენმა პრემიერმა გააკეთა, ბუნებრივია, ჩამოვედით, ვნახეთ ადგილზე ვითარება. ჯერჯერობით ასვლა შეიძლება მხოლოდ აღდგომის ტაძარში. იმედი გვაქვს, ეს არის ამ პირველი ეტაპის დასაწყისი. სიტუაციის გამოსწორებისკენ გვაქვს ტენდენცია. იმედი გვაქვს, სრულად აღდგება სტატუს-კვო.
სხვანაირად არც წარმოგვიდგენია. ამ ყველაფრის აზრი მდგომარეობს სტატუს-კვოს აღდგენასა და იმაში, რომ მრევლს მიეცეს იქ შესვლის საშუალება. ახლა ეს დასაწყისია. გვესმის, რომ ეტაპობრივად უნდა წავიწიოთ წინ. სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია, არ არის კარგი მდგომარეობა, ბევრი შეცდომაა დაშვებული, ბევრი ამ ძველი კომისიის ცუდად მუშაობის შედეგია. ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა. იმედი გვაქვს, ისტორიული სამართლიანობა აღდგება, რადგან სახეზეა ყველა დოკუმენტი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ახალი კომისია გაცილებით ეფექტურად მუშაობს.
„პირადად ვიყავი ასული აღდგომის ტაძარში. იქ დგანან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ტაძარში შეიძლება შესვლა და იქვე ახლო-მახლო, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება. საუბარი არ არის ქედს იქითა ტერიტორიაზე, ვსაუბრობ ზედა თხემზე მდებარე აღდგომის ტაძარზე. ქედს იქით ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედით ვართ, რახან დაიწყო ეს პროცესი,“ – განაცხადა დეკანოზმა.
გარდა ამისა, დეკანოზმა კომენტარი გააკეთა არქიმანდრიტ კირიონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯის ყველა ტაძრამდე მისვლის შესაძლებლობა არამარტო სასულიერი პირებს, არამედ მრევლსაც უნდა მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო პირებიც უარს იტყვიან ტაძრებში მისვლაზე.
„ჩვენც სწორედ ეს მოლოდინები გვაქვს. საბოლოო მიზანი ეს უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანობა ამას გულისხმობს. ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპატრიარქო ვერ შეეგუება ამ პრინციპულ საკითხზე დარბილებული პოზიციას. ეს არის სოლიდარობა ყველას მიმართ. ვთქვით, რომ ეკლესია არის ერთიანი, მთლიანი და გაყოფა მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ამ მხრივ არ უნდა მოხდეს. მამა კირიონის განცხადებაც სწორედ ამის აღმნიშვნელია; არ უნდა იფიქროს მრევლმა, რომ ჩვენ გვაკმაყოფილებს სასულიერო პირებისთვის ტაძრებში შესვლის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს საპატრიარქოს პოზიციაა, ეკლესია ერთიანია მთლიანია და მრევლთან ერთად იგულისხმება სასულიერო პირებიც და იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად აქამდე მივალთ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრი ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა საკითხის მოგვარებაში ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერაც გვექნება ხელისუფლებისაგან. იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი საკითხები ძალიან მგრძნობიარეა ორივე მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას, რომელიც ახლა არის. ვნახეთ, რომ პრეზიდენტ ალიევის და ჩვენი პრემიერის მხრიდანაც სწორედ ამაზე არის უმთავრესი აქცენტი გაკეთებული, რომ კეთილმეზობლური დამოკიდებულების ფონზე უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაწყვეტილება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ საზღვარი არ გადის იქ, სადაც რუკა აჩვენებს, მაგრამ ეს პროცესია და გვესმის. რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან. ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება ვადებში, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ თუ ჩვენ ველოდებით რაღაც შედეგს, ეს აუცილებლად უნდა იყოს ამ ტერიტორიების ხელმისაწვდომობა, როგორც ბერისთვის, ისე მრევლისთვის“, – განაცხადა დეკანოზმა.