დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული
აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს მოლაპარაკების პროცესს. იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული“,- წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა ბაქოში დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან სადავო მონაკვეთზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება საქართველოს თანხმობის გარეშე.
ამასთან, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტომასალა და ვიდეოკადრები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანულ მხარეს ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, ტექნიკის მობილიზება ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოებს უკავშირდება.