დედამიწის უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორიას ჩანჩქერი, ყველაზე მაღალი კი ანხელი, მაგრამ რამდენად შთამბეჭდავადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი, ორივე ეს ბუნებრივი საოცრება გაცილებით პატარაა რეალურ რეკორდსმენებთან შედარებით.
ჩვენთვის ცნობილი უდიდესი და უმძლავრესი ჩანჩქერები სინამდვილეში წყლით არის გარშემორტყმული, რადგან ოკეანეების სიღრმეშია განთავსებული. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია ისლანდიასა და შოტლანდიას შორის გაწოლილი ე. წ. ფარერის ნაპირის არხის გადინება.
ეს ვიწრო, სუპერღრმა გასასვლელი ნორვეგიის ზღვას ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილთან აერთებს იმდენად ცივი და მკვრივი წყლის მუდმივი დინებით, რომ ის პირდაპირ ფსკერზე იძირება.
როდესაც ეს მძიმე მდინარე გრენლანდია-შოტლანდიის ქედის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ნაწილს კვეთს, წარმოქმნის მასიურ წყალქვეშა კასკადს — წყალი იქიდან ატლანტის ოკეანეში 840 მეტრი სიმაღლიდან ვარდება.
ეს ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ნაწილია, რომლის ახლო მონიტორინგიც 1995 წლიდან მიმდინარეობს; ამჯერად, მეცნიერებმა უბრალოდ აღმოაჩინეს ყველაზე მძლავრი დინება, რომელიც მას კვებავს.
ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ფარერის ნაპირის არხის გადინება ძირითადად მოდიოდა არხის დასავლეთ მხარის გასწვრივ მიმდინარე ცივი წყლის ნაკადიდან. გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება ასეც იყო.
თუმცა დღეს, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ფარერების ჩანჩქერის დიდი ნაწილს სინამდვილეში კვებავს ჩუმი, აღმოსავლეთის ნაკადი, რომელიც ცივ წყალს არხში ღრმა, ჭავლის მსგავსი ოკეანური დინებით ისვრის.
„ეს ძალიან საკვირველი, მაგრამ ამაღელვებელი აღმოჩენა იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცოდით, დინების ასეთივე სტრუქტურა დანიის სრუტეშიც არსებობდა“, — ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფიზიკური ოკეანოგრაფიის მკვლევარი ლეონ ჩაფიკი.
ახლომდებარე დანიის სრუტე ისლანდიასა და გრენლანდიას შორის არის გაჭრილი, ფარერების არხის პარალელურად და სწორედ იქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ჩანჩქერი, რომელის ანხელის ჩანჩქერზე სამჯერ მაღალია.
მისი ცივი წყლები ფარერების გადინებას ისლანდიის მეორე მხარეს ხვდება და ეს სწრაფად მოძრავი წყლები წარმოქმნიან მძლავრ ნაკადს, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის სიღრმეში ვარდება.
ერთობლივად, ეს ორი საკვანძო არტერია გადამწყვეტ როლს თამაშობს ოკეანის ცირკულაციაში, განსაკუთრებით კი წვლილი შეაქვთ ატლანტიკის მერიდიონულ გადმოტრიალებულ ცირკულაციაში (AMOC).
AMOC-ს ორი გზა აქვს — ერთი სიღრმეში მიემართება და მაღალი განედების ცივი წყალი ატლანტის ოკეანეში მიაქვს, მეორე კი მირბის თავთხელად და ატლანტის თბილი და მლაშე წყალი ჩრდილოეთისკენ მიაქვს.
ეს ცირკულაცია გლობალური კლიმატის სისტემის მთავარი მარეგულირებელია, მაგრამ მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
უძრავი ღუზებითა და გემებით ჩატარებული ახალი კვლევებით, ასევე ამჟამინდელი მონიტორინგის სისტემების მონაცემებით, მეცნიერებმა შექმნეს ოკეანის ცირკულაციის მაღალი რეზოლუციის მოდელი, რათა დაედგინათ, სინამდვილეში საიდან მოდის ფარერების გადინების წყლის უმეტესობა.
ფარერების გადინების ყველაზე სწრაფი გზის, ფარერები-შეტლანდის არხთან უშუალოდ სტუმრობის ნაცვლად, მკვლევრები მიხვდნენ, რომ მისი შესწავლა შემოვლითი გზითაც შეეძლოთ.
მიუხედავად ზედა მხარეს მიმდინარე თბილი წყლისა, ეს სხვა დინება თითქმის ნორვეგიამდე მიდის, შემდეგ კი სამხრეთით ბრუნდება და კონტინენტისგან საპირისპიროდ, ჩანჩქერისკენ მიემართება. ამ გზის დაახლოებით ნახევარზე გავლენას ახდენს ქარიანი გარემო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ ატმოსფერულ პირობებს მისი გაძლიერება შეუძლია.
მაგალითად, ეს აღმოსავლეთის არხი 2000-იან წლებში ანომალიურად ძლიერი იყო. სწორედ ამან მიიქცია მეცნიერთა ყურადღება.
იმ წლებში ფარერის გადინების პირდაპირი არხი რეკორდულად დაბალი იყო, მაგრამ თავად გადინება ყველა დროის ყველაზე ძლიერი იყო. ისე ჩანდა, რომ ჩანჩქერს სხვა რომელიღაც არხი კვებავდა.
„ეს კვლევა პირველია, რომელიც მიუთითებს, რომ მიუხედავად ზედა მიმართულების გზებისა, ფარერების ნაპირის გადინებას ძირითადად კვებავს ძლიერი (და როგორც ჩანს, მუდმივი) დინების ჭავლი“, — წერენ მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არხი შეიძლება მუდმივი იყოს, აბსოლუტურად ცვალებადი შეიძლება იყოს მისი სიძლიერე. ავტორთა განცხადებით, როგორც ჩანს, ფარერის არხში სხვადასხვა გზებითა და სიღრმეებით წყლის დინებას უნდა განაპირობებდეს განსხვავებული ქარიანი გარემო ე. წ. ნორდიკულ ზღვაში.
მაგალითად, 1990-იან წლებში ფარერის გადინება ნორმალურზე სუსტი იყო და მისი წყლის ძირითადი წყარო მოდიოდა ისლანდიის ჩრდილოეთიდან, დასავლეთის გასწვრივ, უფრო პირდაპირი გზით. ამჯერად, რაღაც მიზეზის გამო ეს ვითარება შეიცვალა.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.