დედამიწის შიდა ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ, საბოლოოდ ამოხსნილია
დედამიწის შიდა ბირთვის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ, საბოლოოდ ამოხსნილია

დედამიწის ყველაზე შიდა ბირთვში მიმდინარე ფარული მოძრაობები გეოფიზიკის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს.

მართალია, ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ფეხქვეშ მიწა მყარია, მაგრამ ამ სიმყარესაც აქვს საზღვარი. პლანეტის სიღრმეში განთავსებულია სუპერცხელი შიდა ბირთვი, რომელსაც გარს აკრავს გამდნარი გარე ბირთვი, მის ზემოთ კი გადაფარებულია მანტია და ქერქი.

ასეთი თავისუფალი განლაგება მრავალ კითხვას წარმოშობს, რომელთაგან უდიდესს სუპერბრუნვას უწოდებენ — თუკი დედამიწის რკინის შიდა მყარი ბირთვი მანტიასთან მიბმმული არ არის გარე თხევადი ბირთვის ფენის გამო, რომელიც მყარ ბირთვს გარს აკრავს, როგორ მოქმედებს ის მის ბრუნვაზე?

სუპერბრუნვის ჰიპოთეზის მიხედვით, დედამიწის შიდა ბირთვი თავად პლანეტის ბრუნვისაგან (24 სთ) განსხვავებული მაჩვენებლით ბრუნავს.

ზუსტად რა შეიძლება იყოს შიდა ბირთვის ბრუნვის მაჩვენებელი, უკვე ათწლეულებია, მეცნიერებს შორის დავის საგანია. თუმცა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სეისმოლოგის, ჯონ ვიდალის ახალი ანალიზები გეოფიზიკოსებს სრულიად ახალ შეფასებას სთავაზობს.

კვლევის ფარგლებში, ვიდალმა შეისწავლა 1971-1974 წლებში საბჭოთა კავშირის მიერ კუნძულ ახალ მიწაზე ჩატარებული ბირთვული ტესტების მიერ წარმოქმნილი ასხლეტილილი სეისმური ტალღები.

ამ ბირთვული ცდების აფეთქების ძალა მაშინ მსოფლიოს მრავალმა სეისმურმა სადგურმა დააფიქსირა. მათ შორის იყო LASA — მონტანაში 1965 წელს აშენებული მსოფლიოს პირველი დიდი სეისმური სადგური.

LASA-ს მონაცემების ანალიზისა და დაფიქსირებულ სეისმურ ტალღებზე დაყრდნობით შიდა ბირთვის ბრუნვის გაზომვის შემდეგ, ვიდალი მივიდა დასკვნამდე, რომ 1971-1974 წლებში შიდა ბირთვი პლანეტის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 0,07 გრადუსით მეტს ბრუნავდა.

National Geographic-ის შეფასებით, თუკი მის მირ გამოთვლილი მაჩვენებელი მართებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეკვატორის რომელიმე წერტილზე ერთი წლის განმავლობაში დადგებით, შიდა ბირთვის ის ნაწილი, რომელიც თქვენ ქვეშ იყო, ერთი წლის თავზე თქვენგან 7,7 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდება.

რაც უფრო შორს მიდის სუპერბრუნვის გამოთვლები, ვიდალი აღნიშნავს, რომ მისი შეფასება გაცილებით მტკიცეა წინა შეფასებებთან შედარებით; ერთ-ერთი ასეთი სწორედ მას ეკუთვნოდა.

2000 წელს, ვიდალი შედიოდა მკვლევართა ჯგუფში, რომელმაც გაანალიზა მონტანის სადგურის მიერ დაფიქსირებული იმავე ბირთვული ცდების მონაცემები. მეცნიერები მაშინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ 1971-1974 წლებში სუპერბრუნვა წელიწადში 0,15 გრადუსი იყო.

ახალ კვლევაში ვიდალი განმარტავს, რომ მონაცემთა კორექციის, დამუშავებისა და ინტერპრეტაციის უკეთესი საშუალებების წყალობით, მისი უახლესი შეფასება მაღალი რეზოლუციისაა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამო რიცხვები ერთმანეთისგან განსხვავებულია, არის ის, რომ ეს გახლავთ მეცნიერების ძალიან თეორეტიკული დარგი. დედამიწის ღრმა, სუპერცხელი ნაწილის ადგილზე, ახლოდან შესწავლა უბრალოდ შეუძლებელია.

სუპერბრუნვის თეორია პირველად 1970-იან წლებში წამოაყენეს, მაგრამ პირველი სერიოზული მოდელირება და სეისმური მტკიცებულება 1990-იან წლებში გამოჩნდა, ვიდალის 2000 წელს გამოქვეყნებულ კვლევამდე რამდენიმე წლით ადრე.

მონაცემებისა და ციფრების განსხვავებულობის მიზეზების შესახებ მეცნიერებს აქვთ სხვა მოსაზრებებიც.

2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეუსაბამობების მიზეზი შეიძლება იყოს თავად შიდა ბირთვის ზედაპირის ვარიაციები, რაც მართლაც კარგად ახსნიდა სხვა ანალიზთა შეუსაბამობებს.

თუკი ეს ხედვა მართებულია, ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს დედამიწის ბირთვში არსებულ კიდევ უფრო დიდ საიდუმლოებასთან. ყველაფერს მხოლოდ დრო და კიდევ უფრო მეტი სამეცნიერო შრომა გვეტყვის.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.