გარკვეული მიზეზით, ქანების გიგანტური ფილები დედამიწის ბირთვისაკენ ვეღარ მიდის
გარკვეული მიზეზით, ქანების გიგანტური ფილები დედამიწის ბირთვისაკენ ვეღარ მიდის

დედამიწა მუდმივად დინებების მდგომარეობაშია. გეოლოგიური დროის მასშტაბით, მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში, პლანეტის მდნარი ბირთვიდან ცხელი ქანები მაღლა ამოდის, ცივი კი დაბლა ჩადის.

მაგრამ ეს მცოცავი, მუდმივი გაცვლა-გამოცვლა ამჟამად შეფერხებულია. მანტიის კონვექციის სახელით ცნობილი სისტემა რაღაცამ მოშალა. შედეგად, წარმოიქმნა უჩვეულო გეოფიზიკური ფენომენი, რომელსაც მეცნიერები „უმოქმედო ფილებს“ უწოდებენ.

ეს ფილები სუბდუქციური ოკეანური ფილების გიგანტური ნაჭრებია, რომლებიც ნელ-ნელა დაბლა ჩასვლისას როგორღაც ჩაიჭედა.

კოლორადო-ბულდერის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ ეს უცნაური საიდუმლო მათ უკვე ამოხსნეს.

კვლევის თანაავტორის, ფიზიკოს შიჯი ჟონგის თქმით, მანტიის კონვექცია უნდა წარმოვიდგინოთ ერთ დიდ ძრავად, რომელიც მართავს ყველაფერს, რასაც დედამიწის ზედაპირზე ვხედავთ — მიწისძვრებს, მთების წარმოქმნას, ფილების ტექტონიკას, ვულკანებსა და დედამიწის მაგნიტურ ველსაც კი.

ახალი კვლევის მიხედვით, ეს ამბავი იმაზე გაცილებით ჩახლართულია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

გასული ათწლეულის განმავლობაში, ამ ფენომენს მრავალი კვლევა სწავლობდა, მაგრამ მისი ბოლომდე ამოხსნა ვერავინ შეძლო.

ახალ კვლევაში, ჟონგი და მისი კოლეგა ვეი მაო ახალ ჰიპოთეტიკურ სცენარს გვთავაზობენ — ზედაპირიდან დაახლოებით 660 კმ სიღრმეზე, პლანეტის ზედა და ქვედა მანტიის საზღვარზე გაწოლილია დამცობი მასალის ფენა.

როცა ფილები უძრავი ხდება, ისინი ჰორიზონტალურად ფართოვდებიან ასეთ სიღრმეში, რასაც დედამიწის გარდამავალ ზონას უწოდებენ.

ეს ფენომენი შეინიშნება წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს, მარიანას ღრმულის ქვეშ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გარშემო არსებული სუბდუქციის ზონებისგან განსხვავებით, აზიის ეს ფილები დაბლა უბრალოდ არ ჩადის.

გლობალური მანტიის კონვექციის მოდელის კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მკვლევრებმა შეისწავლეს იაპონიისა და ფილიპინების სიახლოვეს არსებული უმოქმედო ფილების ქცევა.

მოდელის მიხედვით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ მანტიის გარდამავალი ზონის ამ ორ ნაწილს შორის უნდა იჭედებოდეს შედარებით ნაკლებად ბლანტი ქანის თხელი ფენა. ეს კი უნდა იწვევდეს ოკეანის ლითოსფეროს დაბლა ჩამავალი ფილების გზას აცდენას.

ჟონგის თქმით, ასეთ სიღრმეზე, ნაკლებ წებოვანი ფენა საპოხის როლს ასრულებს, ფილები მიმართულებას იცვლის და ჰორიზონტალურად დიდ მანძილზე გადაადგილდება.

მკვლევართა აზრით, მანტიაში ეს დამცობი ფენა მუდმივი არ არის და დედამიწის წიაღში შედარებით ახლად გამოჩენილი მოვლენაა.

გამომდინარე იქიდან, რომ გეოფიზიკურ მეცნიერებაში საქმე გვაქვს დროის ეპიკურ მასშტაბებთან, ჟონგის განცხადებით, ეს ფენომენი დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.

არავინ იცის, როდის გადალახავს უმოქმედო ფილები ამ დროებით ანომალიას, მაგრამ მკვლევართა პროგნოზით, ეს მაინც გარდაუვალია.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.