ირმის ნახტომში შეიძლება დედამიწის მსგავსი აურაცხელი პლანეტა იყოს, მაგრამ მათი პოვნა არც ისე ადვილია. დღეისათვის აღმოჩენილ და დადასტურებულ 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან, მხოლოდ მესამედია კლდოვანი და უმეტესი მათგანი ჩვენგან რამდენიმე ათასი სინათლის წლით არის დაშორებული.
გამომდინარე აქედან, ყოველი ახალი კლდოვანი პლანეტის აღმოჩენა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ ამ კონკრეტული კლდოვანი ეგზოპლანეტის აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელია.
მიეკუთვნება კლდოვან ეგზოპლანეტათა იმ მცირე ჯგუფს, რომლებიც თავის ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი მანძილიდან მოძრაობენ. ის ჩვენგან 24 722,65 სინათლის წლით არის დაშორებული და წარმოადგენს ირმის ნახტომის ყველაზე შორეულ პლანეტას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
ასეთი მანძილი წარმოუდგენლად შორია. მდებარეობს გალაქტიკური ამოზნექილობის სიახლოვეს ან უშუალოდ მასში — ირმის ნახტომის ცენტრის მჭიდროდ გადაჭედილ რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ მათი აღმოჩენის გზებს სულ უფრო ვხვეწთ, ეგზოპლანეტები მაინც მოუხელთებლები არიან. არ გამოყოფენ არანაირ საკუთარ სინათლეს, მათ მიერ არეკლილი ვარსკვლავის სინათლე კი იმდენად მცირე სიგნალი იქნება, რომ სრულიად დაიკარგება დედავარსკვლავის ხმაურში.
ჩვენთვის ცნობილ ეგზოპლანეტათა უმეტესობა ერთი ან ორი მეთოდის გამოყენებით არის აღმოჩენილი. ერთ-ერთი მათგანია ტრანზიტის მეთოდი, რომელიც პლანეტებს აფიქსირებს მათ მიერ დედავარსკვლავის წინ ჩავლისას წარმოქმნილი რეგულარული მცირე ჩაბნელებების საფუძველზე; მეორე კი გახლავთ რხევის, იგივე რადიალური სიჩქარის მეთოდი, რომელიც აფიქსირებს დედავარსკვლავის მცირე რხევებს, რაც ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენით არის გამოწვეული.
თუმცა, არსებობს მესამე მეთოდიც, რომელიც ზოგადი ფარდობითობს პროგნოზებს ეფუძნება — გრავიტაციული ლინზირება. წარმოიდგინეთ ორი ვარსკვლავი, ერთი მათგანი მეორის უკან მდებარეობს, დამკვირვებელი (ჩვენ) კი მათგან გარკვეული მანძილის მოშორებით. გავლისას, უკანა ვარსკვლავის (წყარო) სხივებს ოდნავ ამრუდებს წინ მდებარე ვარსკვლავის (ლინზა) გრავიტაცია. შედეგად, წყაროს სინათლე მახინჯდება და დიდდება, ანუ, ხელთ გვაქვს გრავიტაციული მიკროლინზა.
კარგად არის ცნობილი, როგორ გამოიყურება ეს მოვლენა ორი ვარსკვლავის შემთხვევაში — გალაქტიკაში იმდენი ვარსკვლავია, რომ გრავიტაციული მიკროლინზები იშვიათი არ არის. ამდენად, როდესაც ამ ნაზავში ერთვება ეგზოპლანეტაც, სხვა დამკვირვებელთან მისულ სინათლეში წარმოიქმნება დამატებითი აშლილობა და შესაძლებელია პლანეტის ხელწერის ამოცნობაც.
მიკროლინზირების მოვლენის სინათლის გამრუდების ანალიზის საფუძველზე, ასტრონომებს შეუძლიათ სისტემის პარამეტრების განსაზღვრა.
„ამ გზით აღმოჩენის იშვიათობიდან გამომდინარე, დედავარსკვლავზე დაკვირვებამ ხუთი დღე წაიღო, თუმცა, პლანეტა ხუთსაათიანი გამრუდების დროს დავაფიქსირეთ“, — განმარტავს ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის ასტრონომი ანტონიო ერერა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ამის მიზეზი ვარსკვლავისგან განსხვავებული სხვა სხეული იყო და არა ინსტრუმენტის შეცდომა, დაიწყეს პლანეტიანი ვარსკვლავის სისტემის დახასიათება.
მიკროლინზირების მოვლენას, სახელად OGLE-2018-BLG-0677, ორი სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს დააკვირდნენ ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) და კორეის მიკრილინზირების ტელესკოპთა ქსელის (KMTNet) საშუალებით. ამ ექსპერიმენტთა ფარგლებში, წელიწადში დაახლოებით 3000 მიკროლინზირების მოვლენას აფიქსირებენ და მათი უმეტესობა უბრალოდ ვარსკვლავებია.
„დოქტორმა ერერა მარტინმა პირველად შენიშნა, რომ ამ მოვლენის სინათლეს უჩვეულო ფორმა ჰქონდა; რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე კომპიუტერული ანალიზების საფუძველზე კი მივედით დასკვნამდე, რომ ამ მოვლენის მიზეზი იყო დაბალმასიანი პლანეტის მქონე ვარკვლავი“, — ამბობს კენტერბერის უნივერსიტეტის ასტრონომი მაიკლ ელბროუ.
ჯგუფის ანალიზებში წვლილი ორივე ექსპერიმენტის მონაცემებმა შეიტანა.
ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ ეგზოპლანეტა სუპერდედამიწის ტიპის არის და აქვს დედამიწაზე დაახლოებით 3,96-ჯერ მეტი მასა. შედეგად, ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალმასიანი პლანეტაა გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით აღმოჩენილთა შორის.
მისი დედავარსკვლავი საკმაოდ პატარაა, ჩვენი მზის მასის დაახლოებით 0,12 მასის მქონე, იმდენად პატარა, რომ მკვლევრებმა ვერ განსაზღვრეს, ის დაბალმასიანი ვარსკვლავია თუ ყავისფერი ჯუჯა. ორბიტული მანძილი პლანეტასა და ვარსკვლავს შორის დაახლოებით 0,63 – 0,72 ასტრონომიული ერთეულია, თითქმის იგივე, რა მანძილითაც ვენერაა მზისგან დაშორებული. იმის გამო, რომ ვარსკვლავი ასე პატარაა, პლანეტა მის გარშემო საკმაოდ ნელა მოძრაობს — ერთ გარშემოვლას დაახლოებით 617 დღეს ანდომებს.
უახლოეს მომავალში ვერ გავარკვევთ, არის თუ არა ეს ეგზოპლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცით მისი ვარსკვლავის ბუნება. დედავარსკვლავის ტემპერატურა და აქტივობის დონე პლანეტის სიცოცხლისუნარიანობაში დიდ როლს თამაშობს. ეს ვარსკვლავი ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ არ გაგვაჩნია მისი სპექტრის შესწავლისათვის საკმარისად მგრძნობიარე ინსტრუმენტი, რათა დავადგინოთ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო.
სამყაროში სიცოცხლის შესახებ არსებული ერთ-ერთი უდიდესი კითხვაა, რამდენად ხშირად აქვს მას აღმოცენების შესაძლებლობა. ვიცით, რომ სიცოცხლეს აღმოცენება შეუძლია კლდოვან პლანეტებზე, რადგან ასე მოხდა აქ, დედამიწაზე. შესაბამისად, რაც უფრო ბევრ კლდოვან ეგზოპლანეტას ვიპოვით, ამ საკითხასც უკეთესად გავარკვევთ.
და ბოლოს, ამ კვლევამ წარმოაჩინა გრავიტაციული მიკროლინზირების, როგორც ხელსაწყოს ექსტრაორდინარული ძალაუფლება ასეთი შორეული, დაბალმასიანი პლანეტების საპოვნელად, რაც თავისთავად, ზედმეტად შთამაგონებელია.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია canterbury.ac.nz-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.