აღმოცენებიდან დღემდე, სიცოცხლემ უამრავი გასაჭირი გამოიარა. გვიანდელ დევონურ პერიოდში, სულ უფრო და უფრო მეტი ცოცხალი ქმნილება თანდათან ქრებოდა, რაც საბოლოოდ,დაახლოებით 359 მილიონი წლის წინ, ჩვენი პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაშენებით დაგვირგვინდა.
მეცნიერთა განცხადებით, ამ კატასტროფული სიკვდილიანობის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყო ადგილობრივი. უფრო მეტიც, დამნაშავე შესაძლოა, მზის სისტემიდანაც კი არ იყო.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელსაც ურბანე შამპეინეში ილინოისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრაიან ფილდსი ხელმძღვანელობდა, დედამიწაზე სიცოცხლის ამ დიდი მოსპობის მოვლენის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო შორეული და სრულიად უცხო ფენომენი — მომაკვდავი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი პლანეტიდან ძალიან შორს, მრავალი სინათლის წლის მოშორებით აფეთქდა.
ხშირად ფიქრობენ, რო, გვიანდელი დევონური პერიოდის მსგავსი მასობრივი გადაშენებები ექსკლუზიურად დედამიწისეული მიზეზებით არის გამოწვეული — მაგალითად, გამანადგურებელი ვულკანური ამოფრქვევა, რომელმაც პლანეტა თითქმის უსიცოცხლო გახადა.
ან ეს შეიძლება ყოფილიყო უცხო ვიზიტორი — ასტეროიდის დაცემა, თუნდაც ისეთის, რომელმაც დინოზავრები ამოწყვიტა. თუმცა, კოსმოსიდან სიკვდილი შეიძლება გაცილებით შორეული ადგილებიდანაც მოვიდეს.
„ჩვენი კვლევის ყოვლისმომცველი მესიჯი გახლავთ ის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე იზოლაციაში არ არსებობს. ჩვენ გაცილებით დიდი კოსმოსის მოქალაქეები ვართ და კოსმოსი ჩვენს ცხოვრებაში ერევა — ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ ზოგჯერ მრისხანედ“, — ამბობს ფილდსი.
ახალ კვლევაში, ფილდსმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ გვიანდელი დევონური პერიოდის გადაშენების დროს ატმოსფეროში ოზონის დონის დრამატული შემცირება არ ყოფილიყო ვულკანიზმის ან გლობალური დათბობის ეპიზოდის შედეგი.
ამის ნაცვლად, მათ დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ გეოლოგიურ ჩანაწერებში მოშიშვლებული ბიომრავალფეროვნების კრიზისი შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ასტროფიზიკური წყაროებით. ივარაუდეს, რომ დედამიწიდან 65 სინათლის წლის მანძილზე სუპერნოვას (ან სუპერნოვების) აფეთქების რადიაციულმა ეფექტმა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ოზონი გაანადგურა, რასაც საბოლოოდ ასეთი გამანადგურებელი ეფექტი მოჰყვა.
ეს გვიანდელი დევონური პერიოდის გადაშენების ამგვარი ახსნის პირველი შემთხვევაა, მაგრამ მეცნიერები უკვე დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ დედამიწასთან ახლოს მომხდარ სუპერნოვებს ამ კონტექტსში შეიძლება სასიკვდილო გამოძახილები ჰქონდეს.
ვარაუდები, რომ სუპერნოვებს მასობრივ გადაშენებათა გამოწვევა შეუძლიათ, სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს. ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად კამათობენ ამ ფეთქებად მოვლენათა „სასიკვდილო მანძილზე“. სავარაუდო დიაპაზონი 25-50 სინათლის წელიწადს შორის მერყეობს.
თუმცა, ახალ კვლევაში ფილდსი და მისი კოლეგები გვთავაზობენ, რომ დედამიწისთვის საზიანო ეფექტები ამაზე უფრო შორს აფეთქებულ ვარსკვლავსაც შეიძლება ჰქონდეს, როგორც დაუყოვნებლივი, ისე გრძელვადიანი.
„სუპერნოვები იონიზებული ფოტონების წყაროა — უკიდურესი ულტრაიისფერის, რენტგენული სხივებისა და გამა-გამოსხივების“, — განმარტავენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, დროის დიდ შუალედებში, აფეთქებული ვარსკვლავის მატერია ეჯახება მიმდებარე გაზს და წარმოქმნის შოკურ ტალღას, რომელიც ნაწილაკებს აჩქარებს. ამ გზით, სუპერნოვები წარმოქმნიან კოსმოსურ სხივებს, რომლებიც არის მაღალ ენერგიამდე აჩქარებული ატომის ბირთვები. ეს დამუხტული ნაწილაკები მაგნიტურად არის მომწყვდეული სუპერნოვას ნარჩენში და სავარაუდოდ, დედამიწას მთელი 100 000 წლის განმავლობაში ეცემიან.
მკვლევართა მტკიცებით, ეს კოსმოსური სხივები საკმარისი უნდა იყოს ოზონის ფენის შემოცლისა და დიდხნიანი რადიაციული საფრთხისთვის დედამიწის ბიოსფეროზე. მართლაც, მტკიცებულებები მიუთითებს როგორც ბიომრავალფეროვნების დაკარგვაზე, ისე 359 მლნ წლის წინანდელ დევონურ-კარბონული პერიოდების საზღვრის კლდეების სიღრმეში აღმოჩენილ უძველეს მცენარეთა სპორების დეფორმაციაზე.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა. ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გვიანდელი დევონური პერიოდის გადაშენების მიზეზი შორეული სუპერნოვა გახდა. თუმცა, შეიძლება ამის რაიმე მტკიცებულება ვიპოვოთ.
ბოლო წლებში მეცნიერები სწავლობენ დედამიწასთან ახლოს მომხდარი სუპერნოვების, როგორც მასობრივ გადაშენებათა მიზეზის პოტენციალს. ამისათვის ისინი კვალს უძველეს რადიაციულ იზოტოპებში ეძებენ, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ აფეთქებული ვარსკვლავიდან უნდა მოხვედრილიყო.
კვლევათა უმეტესობის ინტერესის საგანია განსაკუთრებით ერთი ასეთი იზოტოპი — რკინა-60, რომელიც დედამიწაზე მრავალ ადგილას აღმოაჩინეს.
გვიანდელი დევონური პერიოდის გადაშენების კონტექსტში, სუპერნოვას მიერ გამოწვეული გადაშენების ჰიპოთეზის ძლიერი მანიშნებელი უნდა იყოს სხვა იზოტოპებიც, რომლებსაც ფილდსის ჯგუფი ეძებს — პლუტონიუმ-244 და სამარიუმ-146.
„არც ერთი ეს იზოტოპი დღეს დედამიწაზე ბუნებრივად არ წარმოიქმნება და ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი შეიძლება აქ მოხვდნენ, არის კოსმოსური აფეთქება“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, შამპეინეში ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტი ჟენგაი ლიუ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვიპოვით დევონურ-კარბონული პერიოდების საზღვარში ჩამარხულ პლუტონიუმ-244-სა და სამარიუმ-146-ს, მკვლევართა თქმით, უკვე გვექნება დასკვნითი მტკიცებულება, ვარსკვლავთშორისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშინელი გადაშენების მიზეზი შორეული მომაკვდავი ვარსკვლავი გახდა.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.illinois.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.