დედამიწის ფილტვები იწვის - ამაზონის ტყე ცეცხლის ალშია გახვეული
დედამიწის ფილტვები იწვის - ამაზონის ტყე ცეცხლის ალშია გახვეული

„პლანეტის ფილტვები“ იწვის.

ამაზონის ტყეებში ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად კი ამაზონის აუზში, 9500 ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხეს. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე; მაშინ მხოლოდ 40 000 ხანძარი დაფიქსირდა. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ტყის ხანძრების მაჩვენებელი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს 83 პროცენტით არის გაზრდილი. რამდენიმე დღის წინ, ხანძრის გამო, ბრაზილიის უდიდეს შტატ ამაზონასში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

2019 წელს უკვე აქვს ხანძრების უმაღლესი მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, როცა მკვლევრებმა აღრიცხვა დაიწყეს; წლის ბოლომდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი.

ამაზონის წვიმის ტყე მსოფლიოში უდიდესია და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პლანეტაზე ნახშირორჟანგის დონის დაბალანსებაში. ფოტოზინთეზის პროცესში, სხვადასხვა მცენარეები და ხეები იღებენ ნახშირორჟანგს და ჰაერში მას ჟანგბადის სახით აბრუნებენ.

სწორედ ამიტომ უწოდებენ თითქმის 3,4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ამაზონის ტყეს „პლანეტის ფილტვებს“. ეს ტყე აწარმოებს დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 20 პროცენტს.

როგორც წესი, მშრალი სეზონი ამაზონში ივლისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, პიკს კი სექტემბერში აღწევს. წელიწადის დანარჩენ დროს არსებული ტენიანი ამინდი ხანძრების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

თუმცა, მშრალ სეზონში ცეცხლი შეიძლება ბუნებრივი წყაროებიდან გაჩნდეს, მაგალითად, მეხის დაცემის შედეგად. გარდა ამისა, ხშირად ცეცხლს განზრახ აჩენენ ფერმერები და ტყის მჩეხავები, რათა ტერიტორია სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო მიზნებისთვის მოასუფთაონ.

ამაზონის ტყეში ამჟამად მძვინვარე ხანძარს დიდი ეფექტები აქვს დანარჩენ ბრაზილიაზეც. ამაზონასის შტატიან კვამლის ღრუბლებმა მიაღწია მეზობელ პარისა და მატუ-გრუსუს შტატებსაც; კვამლმა მზე ჩააბნელა 3200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ სან-პაულუს ცაშიც.

საერთო ჯამში, ხანძარმა წარმოქმნა 1,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის სიგანის კვამლის ფენა. ევროკავშირის კოსმოსურ თანამგზავრ „კოპერნიკის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ არის ბრაზილიის თავზე კვამლი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დანის ფორმით გადაჭიმული.

ამ კვირის ხანძრები დაემთხვა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტს. „გარდიანის“ ცნობით, ამაზონის ტყეების ჩეხვამ ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ თვეში, ამაზონის ტყე 1345 კვადრატული კილომეტრით შემცირდა. ეს ფართობი ტოკიოზე ორჯერ დიდია.

როგორც ბრაზილიის კოსმოსური თანამზგავრების მონაცემები მიუთითებს, გასული თვის ყოველ წუთში, ამაზონში სამი საფეხბურთო სტადიონის ზომის ტყე იჩეხებოდა. ეს რიცხვი გასული წლის ამავე თვის მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია.

ტყის ჩეხვა პირდაპირ კავშირშია ხანძრებთან. ფერმერები ხანძარს ხშირად განზრახ აჩენენ, რათა ადგილი გამოათავისუფლონ საქონლის საძოვრებისა და მარცვლეულის მოსაყვანად. მიზანმიმართული ხანძრები როგორც წესი, უკონტროლოა.

ამაზონის ტყეების უდიდეს ნაწილს ბრაზილია აკონტროლებს. თუმცა, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პირდაპირ აცხადებს, რომ ამაზონის ტყეების დაცვა მის მთავარ პრიორიტეტებში არ შედის. ბოლსონარუ მხარს უჭერს ინფრასტრუქტურულ პროექტებს — მაგალითად, ამაზონის ტყეებში ავტომაგისტრალების გაყვანასა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას.

მისმა ადმინისტრაციამ ასევე შეასუსტა კონტროლი უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეზე. 2018 წელს, წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფომ ამოიღო 883 000 კუბური ფუტი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე. 15 მაისის მონაცემებით კი, ბოლსონარუს ადმინისტრაციამ მხოლოდ 1410 კუბური ფუტი ამოიღო.

გარდა ამისა, 2019 წლის იანვრიდან მაისამდე, ბოლსონარუს მთავრობამ შეამსუბუქა კანონები ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მოპოვებითი საქმიანობის წინააღმდეგ. შესუსტდა ტყეებში უკანონო საქმიანობის მონიტორინგიც.

ხანძრების სიხშირის ზრდაზე რა თქმა უნდა, მოქმედებს გლობალური დათბობაც. უფრო ადრე დნება ზამთრის თოვლის საფარი, ცხელი ჰაერი ნიადაგსა და ხეებს აცლის ტენს. მცირდება ნალექების რაოდენობაც. ყველა ამ მიზეზის გამო, ბრაზილიასა და დანარჩენ მსოფლიოში წარმოიქმნება იდეალური პირობები ტყის ხანძრებისთვის.

ამ დროისათვის, ტყის ხანძარი მძვინვარებს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციასა და ალასკაშიც. ცეცხლის ალშია გახვეული 5,4 მილიონი ჰექტარის ფართობის ტყე ციმბირშიც.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.