დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი კანადიდან რუსეთისკენ მიემართება — მიზეზი საბოლოოდ გარკვეულია
დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი კანადიდან რუსეთისკენ მიემართება — მიზეზი საბოლოოდ გარკვეულია

ჩვენს პლანეტას მაგნიტური ველი გარს ისე აკრავს, როგორც დიდი ზომის პალტო, რომელსაც კომფორტულად ვერ იცვამ. სწორედ ასეთი მახასიათებლის გამო, დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი გადაადგილდება და უახლოესი ათი წლის განმავლობაში, ციმბირის სანაპიროსთან ახლოს მივა.

არანაირი კონსპირაცია, მაგრამ ამ პროცესის გამომწვევი მაგნიტური ძალები რაღაც საიდუმლოთი იყო მოცული. თუმცა, მეცნიერები ამ ამბის ამოხსნასთან კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ლიდსის უნივერსიტეტისა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანალიზი ჩაუტარეს 20 წლის განმავლობაში შეგროვებულ თანამგზავრულ მონაცემებს; შედეგად კი გაარკვიეს, რომ პოლუსის მოგზაურობის მიზეზი დიდი ალბათობით არის დედამიწის ბირთვის სიახლოვეს მიმდინარე მონოლითური შეჯიბრი განსხვავებული მაგნიტური ძალის ორ წილს შორის.

დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობა პირველად 1831 წელს დაადგინეს და მაშინ ის კანადის არქტიკულ კუთხესთან მდებარეობდა, ნუნავუტის ტერიტორიის ბუტიის ნახევარკუნძულზე.

მას შემდეგ ჩატარებული მუდმივი გაზომვები აჩვენებს, რომ პოლუსი ჩრდილოეთით, წელიწადში დაახლოებით 15 კილომეტრით გადაადგილდებოდა.

ამჟამინდელი მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით კი უპრეცედენტო სიზუსტითაა შესაძლებელი პოლუსის მდებარეობის განსაზღვრა. 1970-იან წლებამდე, ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის მდებარეობა მთვრალი ადამიანის ბარბაცს წააგავდა. მას შემდეგ კი, მან თითქოს მისია წამოიწყო და მტკიცე სიჩქარით სწორ ხაზს დაადგა.

1990-იანი წლებიდან მისი გადაადგილების სიჩქარე გაოთხმაგდა და ამჟამად ეს მაჩვენებელი წელიწადში 50-60 კილომეტრია. 2017 წლის ბოლოს, მაგნიტური პოლუსი გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსს უკვე 390 კილომეტრით დაშორდა.

მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ათ წელიწადში ის ამჟამინდელი ადგილიდან 390-660 კილომეტრით შორის იქნება, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის ჩრდილოეთ საზღვრებთან.

ასეთი სწრაფი გადაადგილება შემაშფოთებელია სანავიგაციო სისტემებისთვის, რომლებიც ეფუძნება პოლუსის ადგილმდებარეობის ზუსტ გამოთვლებს. ამან კი აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული მონაცემების ცენტრს შარშან მსოფლიოს მაგნიტური მოდელის უჩვეულოდ სწრაფი განახლებები აიძულა.

თუმცა, აუცილებლად საჭიროა ამ გადაადგილების უკან მდგარი ფიზიკური მექანიზმების გარკვევა, რაც პლანეტის მაგნიტური მოძრაობების ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.

გამომდინარე აქედან, გაერთიანებული სამეფოს ლიდსის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებმა, ფილიპ ლივერმორმა და მეთიუ ბაილიფმა, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარ კრისტოფერ ფაინალისთან ერთად, შეისწავლეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Swarm-ის მიერ 20 წლის განმავლობაში შეგროვებული გეომაგნიტური მონაცემები.

პოლუსის გადაადგილების მიმართულება ზუსტად დაემთხვა ორ ანომალიას, სახელად უარყოფით მაგნიტურ დინებებს, რომელთაგან ერთი კანადის სიღრმეშია, მეორე კი ციმბირის ქვეშ.

„ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის სიახლოვეს ველის სტრუქტურის განსაზღვრაში ამ ორი ნაკადის მნიშვნელობა უკვე საუკუნეებია ცნობილია“, — წერენ მკვლევრები მოხსენებაში.

დროთა განმავლობაში მაგნეტიზმის ეს წილები იზრდება და იკუმშება, რასაც ძირეული ეფექტი აქვს ზედაპირზე არსებულ მაგნიტურ ველზე.

1970-1999 წლებს შორის, დენად მანტიასა და პლანეტის მკვრივ, მბრუნავ ბირთვს შორის ურთიერთქმედებათა ცვლილების შედეგად, მბრუნავმა ბირთვმა კანადის ქვეშ არსებული მაგნიტური ნაკადი გაწელა, რის გამოც შესაბამისი მაგნიტური ველის სიძლიერე შემცირდა და ის ზედა მიმართულებით წავიდა.

„ეს ომი მაშინ კანადურმა ნაკადმა მოიგო და პოლუსიც სწორედ ამიტომ კონცენტრირდა კანადის თავზე“, — უთხრა ლივერმორმა BBC რადიოს.

„თუმცა, უკანასკნელ ათწლეულებში, კანადის ნაკადი დასუსტდა და ოდნავ გაძლიერდა ციმბირის ნაკადი. შესაბამისად, ამიტომ დაიწყო პოლუსმა ისტორიული ადგილის უცაბედად დატოვება“, — აღნიშნავს იგი.

მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლუსმა გადაადგილება ცოტა ხანს კიდევ გააგრძელოს, მაგრამ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ზუსტად სად შეიძლება გაჩერდეს, რამდენ ხანს გაჩერდება იქ ან როდის დაუბრუნდება ძველ ადგილს.

ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე პროცესების შესახებ ჯერ წარმოუდგენლად ბევრი რამ არ ვიცით.

იმის გათვალისწინებით, რომ ვრცელი გეოლოგიური ჩანაწერები დედამიწის დამცავი მაგნიტური ველის მნიშვნელოვან რყევებზე მიუთითებს, აუცილებლად საჭიროა, მის შესახებ რაც შეიძლება ბევრი რამ გავარკვიოთ.

საჭიროა ბევრი ასეთი მოდელები, რათა მომავალში უკეთ შევძლოთ იმის პროგნოზირება, სად შეიძლება განთავსდეს დედამიწის მაგნიტური პოლუსები.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია BBC-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.