დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა იზრდება და მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რატომ — #1tvმეცნიერება
დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა იზრდება და მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რატომ — #1tvმეცნიერება

ატომურმა საათებმა და ზუსტმა ასტრონომიულმა გაზომვებმა ცხადყო, რომ დღის ხანგრძლივობა უცაბედად გაიზარდა და მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რატომ.

ამას კი კრიტიკული გავლენა აქვს არა მხოლოდ დროის აღრიცხვაზე, არამედ GPS-სა და სხვა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ცხოვრებას განაგებენ.

გასული რამდენიმე ათწლეული წლის განმავლობაში, დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო — რაც დღის ხანგრძლივობას განსაზღვრავს — ჩქარდებოდა. შედეგად, ჩვენი დღეები მოკლდება; უფრო მეტიც, 2022 წლის ივნისში დაფიქსირდა ყველაზე მოკლე დღე ადამიანის მიერ აღრიცხულთა შორის.

მიუხედავად ამ რეკორდისა, 2020 წლის შემდეგ ეს მტკიცე აჩქარება უცაბედად შეტრიალდა და შენელება დაიწყო — დღეები კვლავ დაგრძელდა და ამის მიზეზი ჯერ უცნობია.

მართალია, ჩვენს ტელეფონებში საათები მიუთითებს, რომ დღეში ზუსტად 24 საათია, მაგრამ დრო, რომელიც დედამიწას თავისი ღერძის გარშემო ერთი შემობრუნებისთვის სჭირდება, ოდნავ ცვალებადია. ასეთი ცვლილებები მილიონობით წლის განმავლობაში თითქმის მყისიერად ხდება — ამაში წვლილის შეტანა მიწისძვრებსა და შტორმებსაც კი შეუძლია.

როგორც ჩანს, დღის ხანგრძლივობა ძალიან იშვიათად არის ზუსტად 86 400 წამი (24 სთ).

მილიონობით წლის განმავლობაში, დედამიწის ბრუნვა ნელდება, რისი მიზეზიც მთვარის მიერ გამოწვეული მიქცევა-მოქცევის მოვლენებთან დაკავშირებული ხახუნის ეფექტებია. ამ პროცესის შედეგად, ყოველ საუკუნეში, დღის ხანგრძლივობას 2,3 მილიწამი ემატება. რამდენიმე მილიარდი წლის წინ, დედამიწის დღე-ღამის ხანგრძლივობა მხოლოდ დაახლოებით 19 საათი იყო.

გასული 20 000 წლის განმავლობაში, სხვა პროცესმა საპირისპირო მიმართულება გამოიწვია, ანუ დედამიწის ბრუნვა ააჩქარა. როდესაც ბოლო გამყინვარების ხანა დასრულდა, პოლარული ყინულის ფენების დნობამ შეამცირა ზედაპირის წნევა და დედამიწის მანტიამ პოლუსებისკენ სტაბილურად მოძრაობა დაიწყო.

ზუსტად ისე, როგორც ბალეტის მოცეკვავე ტრიალებს უფრო ჩქარა, თუკი მკლავებს სხეულზე შემოიხვევს, ანუ მიიტანს იმ ღერძთან ახლოს, რომლის გარშემოც ტრიალებს — ჩვენი პლანეტის ბრუნვის მაჩვენებელიც იზრდება, როდესაც მანტიის მასა დედამიწის ღერძთან ახლოს მიდის. ეს პროცესი დღის ხანგრძლივობას საუკუნეში 0,6 მილიწამით ამოკლებს.

ათწლეულობის და უფრო მეტი დროის განმავლობაში, საქმეში ასევე ერთვება კავშირი დედამიწის წიაღსა და ზედაპირს შორის. ოდნავ, მაგრამ დღის ხანგრძლივობა შეიძლება შეცვალოს დიდმა მიწისძვრებმაც.

მაგალითად, 2011 წელს, იაპონიაში, ტოჰოკუს რეგიონთან მომხდარმა 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრამ დედამიწის ბრუნვა ოდნავ, 1,8 მიკროწამით ააჩქარა.

ამ მსხვილმასშტაბიან ცვლილებათა გარდა, დედამიწის ბრუნვაზე მნიშვნელოვანი გავლენა ასევე აქვს ამინდსა და კლიმატსაც, რაც ცვლილებებს ორივე მიმართულებით იწვევს.

ორკვირიანი და თვიური მოქცევითი ციკლები პლანეტის გარშემო მასებს ამოძრავებს, რაც დღის ხანგრძლივობაში ორივე მიმართულებით იწვევს მილიწამამდე ცვლილებებს. მოქცევითი ცვლილებები დღის ხანგრძლივობაში 18,6 წლის განმავლობაშიც კი არის დაფიქსირებული.

განსაკუთრებით ძლიერი ეფექტი აქვს ატმოსფეროს მოძრაობას და გარკვეულ როლს ასრულებს ოკეანის დინებებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს თოვლის სეზონური საფარი და წვიმები, მიწისქვეშა წყლების ამოღება.

1960-იანი წლების შემდეგ, როდესაც მოიფიქრეს მეთოდები, რომლებითაც მთელი პლანეტის მასშტაბით განლაგებული რადიოტელესკოპებით ერთდროულად აკვირდებოდნენ ისეთ კოსმოსურ ობიექტებს, როგორებიც არის კვაზარები, გააკეთეს დედამიწის ბრუნვის მაჩვენებლის ძლიერ ზუსტი შეფასებაც.

ამ შეფასებებსა და ატომურ საათს შორის შედარებებმა გამოავლინა ერთი შეხედვით მუდამ კლებადი დღის ხანგრძლივობა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში.

თუმცა, მოულოდნელი რამ გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც მხედველობაში არ მივიღეთ ბრუნვის სიჩქარის ის რხევები, რომლებიც ვიცით, რომ მოქცევა-მიქცევისა და სეზონური ეფექტებით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 29 ივნისს დედამიწაზე აღრიცხულთა შორის ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა, 2020 წლიდან მოყოლებული, გრძელვადიანი ტრაექტორია შემოკლებიდან დაგრძელებისკენ შეიცვალა. ეს ცვლილება ბოლო 50 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.

ამ ცვლილების მიზეზი ცნობილი არ არის. შეიძლება განპირობებული იყოს ამინდის სისტემაში მომხდარი ცვლილებით, ლა-ნინიას გვერდითი მოვლენებით, მაგრამ ეს ადრეც ხდებოდა. შეიძლება ეს იყოს ყინულის ფენების დნობის დაჩქარება, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში დიდად არც ეს შეცვლილა.

შეიძლება თუ არა, ეს რაიმე კავშირში იყოს წყნარ ოკეანეში, ტონგას სიახლოვეს ვულკანის ამოფრქვევასთან, რომელმაც ატმოსფეროში უზარმაზარი ოდენობით წყალი გატყორცნა? სავარაუდოდ არა, რადგან ეს 2022 წლის იანვარში მოხდა.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ პლანეტის ბრუნვის სიჩქარის ბოლოდროინდელი ამოუხსნელი ცვლილება დაკავშირებულია ფენომენთან, რომელსაც „ჩანდლერის რხევას“ უწოდებენ — დედამიწის ბრუნვის ღერძის მცირედ გადახრასთან, რომელსაც 430-დღიანი პერიოდულობა ახასიათებს.

რადიოტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებები ასევე ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში რხევები შემცირდა; ეს ორი რამ კი შეიძლება ერთმანეთთან იყოს კავშირში.

და კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, არის ის, რომ დედამიწის წიაღში ან მის გარშემო კონკრეტული არაფერი შეცვლილა. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ გრძელვადიანი მოქცევითი ეფექტები, რომლებიც სხვა პერიოდულ პროცესებთან ერთად მოქმედებით წარმოქმნის დროებით ცვლილებებს დედამიწის ბრუნვის მაჩვენებელში.

დედამიწის ბრუნვის ზუსტი მაჩვენებლის დადგენა მრავალმხრივ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი; მაგალითად, მის გარეშე ვერ იმუშავებდა ისეთი სანავიგაციო სისტემები, როგორიც არის GPS. ამას გარდა, ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, დროის აღმრიცხველები ოფიციალურ დროის სკალებს ზედმეტ წამს ამატებენ, რათა სინქრონში არ ჩამოვრჩეთ ჩვენს პლანეტას.

თუ დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაიზარდა, შეიძლება პირიქით, წამის ამოკლება დაგვჭირდეს, რაც უპრეცედენტო იქნება. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება ნაკლებად სავარაუდოა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.