დედამიწას წელიწადში 5200 ტონა კოსმოსური მტვერი ედება — #1tvმეცნიერება
ცნობილია, რომ დედამიწას გამუდმებით „აწვიმს“ კოსმოსური მტვერი, თანაც საკმაოდ უხვად. ვინაიდან მიკროსკოპული ზომისაა, ზუსტი ოდენობის შეფასება საკმაოდ რთულია.
ამ მიკრომეტეორიტების ზომა მილიმეტრზე ნაკლებია და ისინი დედამიწასთან ახლოს გამავალ კომეტებსა და ასტეროიდებს ქერტლივით სცვივა.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ასეთ მტვერს ანტარქტიდაზე 20 წელიწადის განმავლობაში აგროვებდა და შედეგად, უკვე გარკვეული რიცხვიც აქვთ: დედამიწაზე ყოველწლიურად ცვივა დაახლოებით 5200 ტონა მიკრომეტეორიტები, რომელთა ზომაც 700 მიკრომეტრზე (0,7 სმ) ნაკლებია.
მათი განცხადებით, ნათელი ხდება, რომ მიკრომეტეორიტები დედამიწის ზედაპირზე არამიწიერი მატერიის უდიდესი წყაროა.
დედამიწის ატმოსფერო სავსეა ყველა სახის მტვრით. შარშან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნებისმიერ მოცემულ დროს, ატმოსფეროში 17 მილიონ ტონამდე მტვერი დაქრის.
ამ „ფონური მტვრის“ მინიმალიზებისთვის, ჯგუფმა ანტარქტიდას მიმართა, კერძოდ, კვლევით სადგურ კონკორდიას. დედამიწისეული მტვერი იქ საკმაოდ იშვიათია, დაბალია თოვლის აკუმულირების დონეც, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული თოვლის გადნობით შეიძლება დადგინდეს ამ რეგიონში ჩამოცვენილ მიკრომეტეორიტთა მაჩვენებელი.
20 წლის განმავლობაში ჩატარებული ექვსი ექსპედიციისას, მკვლევრებმა ეს მოახერხეს. ჯამში გამოავლინეს 1280 გაუმდნარი მიკრომეტეორიტი და 808 კოსმოსური სფერულა (გამდნარი კოსმოსური ნამტვრევი), რომელთა მასაც 350 მიკროგრამზე დაბალი იყო; შედეგად, შეძლეს გამოეთვალათ ამ ნაწილაკთა ზედაპირზე ჩამოცვენის მაჩვენებელი.
მათი გამოთვლების მიხედვით, თუ ამას მთელ პლანეტას მოვარგებთ და ჩავთვლით, რომ ეს „წვიმა“ თანაბრად არის გადანაწილებული, ყოველწლიურად დედამიწის ზედაპირზე აღწევს დაახლოებით 1600 ტონა მიკრომეტეორიტი და 3600 ტონა კოსმოსური სფერულა. ჯამში ეს 5200 ტონა გამოდის.
კვლევის შემდეგი ნაწილი იყო მტვრის ანალიზი, რათა მარცვლების სიმკვრივეზე დაყრდნობით განესაზღვრათ მისი წარმოშობა. დაბალი სიმკვრივე და ძლიერ ფოროვანობა კომეტურ წარმოშობას ნიშნავს, მაღალი სიმკვრივე და დაბალი ფოროვანობა კი მეტეორიტულ წარმოშობას.
გამომდინარე აქედან, ჯგუფმა დაასკვნა, რომ დედამიწის ზედაპირზე მოღწეული კოსმოსური მტვრის დაახლოებით 80 პროცენტი კომეტებიდანაა გამოსული ორბიტაზე მოძრაობისას; მიღებული რაოდენობა ემთხვევა წინა ასეთი შეფასების შედეგებსაც.
თუმცა, ჯგუფის მოდელმა აჩვენა ისიც, რომ ატმოსფეროში შემოსვლამდე, კოსმოსური მტვრის მთლიანი მასა დაახლოებით 15 000 ტონაა. ასეთი სხვაობის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვარიანტი.
ერთი ის, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ მტვრის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაფიქსირებას. მეორე ის, რომ მტვრის გარკვეული ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლამდე იფანტება. მესამე კი ის, რომ დედამიწის გარშემო კოსმოსში იმაზე ნაკლები მტვერია, ვიდრე ჩვენ გვგონია.
მკვლევართა განცხადებით, ამ მიზეზის დადგენა უკეთეს ცნობებს მოგვცემს იმის შესახებ, რა როლი შეასრულა კოსმოსურმა მტვერმა ადრეულ მზის სისტემაში დედამიწაზე წყლისა და ნახშირბადის მოლეკულების მოტანაში. ეს კი თავის მხრივ რაღაცას გვეტყვის თავად სიცოცხლის აღმოცენების თავსატეხის შესახებ.
კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.